დეკემბერი, 2022
01.12.2022, ხუთშაბათი
დიდმოწამისა პლატონისა (†302) და მოწამისა რომანოზ დიაკ. და ყრმისა ბარულისა (†303). მოწამე ზაქე ღადარინელი დიაკონისა და ალფეს, კესარიელი წიგნისმკითხველისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება გონებაზე აღმატებული სიყვარულის შესახებდა, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა... (ეფ. 3:19)ქრისტეს სიყვარული ის სიყვარულია, რომელიც აღემატება ჩვენს შემეცნებასა და გაგებას. არავის ძალუძს წინასწარ ჩასწვდეს ამ სიყვარულის მასშტაბებსა და ძალას მანამ, სანამ თვით ქრისტე არ დამკვიდრდება მასში. განა შეუძლია ვინმეს შეიგრძნოს თაფლის გემო, თუ არასოდეს გაუსინჯავს ის? ადამიანიც მხოლოდ მაშინ იგრძნობს ქრისტეს სიყვარულის ენით გამოუთქმელ სიტკბოს, მის დამათრობელ სურნელსა და უსაზღვრო ყოვლისმომცველობას, როდესაც რწმენის მეშვეობით ქრისტე დაივანებს მის გულში. და მაშინ, ვის გულშიც ქრისტეა, ეზიარება არა მხოლოდ ღვთის სიბრძნის სიგრძეს, სიგანესა და სიღრმეს (ეფეს. 3:18), არამედ, ასევე, ქრისტეს უსაზღვრო ღვთაებრივ სიყვარულს. ო, ძმანო, როგორი უძლურია სიტყვები, როდესაც ქრისტეს სიყვარულის შესახებ ვსაუბრობთ! არასდროს და არსად არის ეს სიტყვები ისე უსუსური, როგორც ახლა. მართლაც, რა შეიძლება ითქვას, როცა ქრისტეს სიყვარულის ასეთი გასაოცარი მტკიცებულებები არსებობს: სიყვარულით შეგვქმნა, სიყვარულით განკაცდა, სიყვარულითვე მიიღო შეურაცხყოფა და სიკვდილი ჩვენ გამო, სიყვარულით გაგვიხსნა ზეცა და გვაუწყა ჩვენთვის განმზადებული დაუსრულებელი დიდების შესახებ! თუმცა ისიც კი, რაც ჩამოვთვალეთ, მხოლოდ ნაწილია იმ ულევი სიმდიდრის, დიდების, სილამაზისა და სულიერი საზრდელის, რომელსაც ქრისტეს სიყვარული ჰქვია. ო, ნეტავ, ისეთი რწმენის ღირსი გავხდეთ, რომ ქრისტე დამკვიდრდეს ჩვენს გულში და მისი ენით გამოუთქმელი სიყვარული ვიგემოთ! ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ცხოვრებაო ჩვენო, სიბრძნევ და სიყვარულო, განგვწმინდე და დაივანე ჩვენში! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
02.12.2022, პარასკევი
ღირსისა ილარიონ ქართველისა, სასწაულმოქმედისა, თესალონიკელისა; წინასწარმეტყველისა 12-თაგანისა აბდიასი (†IX ს. ქრისტეს შობამდე); მოწამისა ვარლაამისა, კესარია კაპადუკიელისა (†304); ღირსისა ბალაჰვარისა და იოდასაფისა, ინდოეთის უფლისწულისა და მამისა მისისა აბენეს მეფისა. ფილარეტ, მოსკოველი მიტროპოლიტისა(1867); მოწამე ილიოდორე პამფილიელისა(273). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის დიდებისა უფალ იესო ქრისტეშიმას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ (ეფ. 3:21).დიდება ღმერთს! დიდება ღმერთს ეკლესიაში! დიდება მას იესო ქრისტეში! დიდება მას მის ყველა თაობაში! დიდება მას უკუნითი უკუნისამდე! არავის ეკუთვნის დიდება ისე, როგორც ღმერთს. და არავინ ადიდებს ღმერთს ისე, როგორც ღვთის ეკლესია. ქრისტემ ცხადი გახადა ღმერთი: ამიტომ ღმერთი უფალ იესო ქრისტეში იდიდება. ეკლესია იარსებებს ყველა თაობაში საუკუნეთა აღსასრულამდე; ეკლესია იესო ქრისტეს წმიდა სხეულია, აღსავსე ძალით, სიბრძნითა და სასწაულმოქმედებით, ამიტომ დიდება ღვთისა ეკელსიაში აღევლინება - წმიდისა წმიდას მიერ, უბიწოსი – უბიწოსგან. ღვთისთვის მეტად სათნო და საამოა მისი ქება ეკლესიაში კიდევ იმიტომ, რომ აქ, ეკლესიაში, მრავალი სული და მრავალი ხმაა, ამასთანავე – ერთსულოვნება და ჰარმონია. ასე რომ, არავინ გამოეყოს ღვთის საერთო დიდებას და არავინ იფიქროს, რომ განცალკევებით და განმარტოებით მის მიერ ღვთის განსაკუთრებული დიდება უფრო უკეთესია, ვიდრე ღვთის ერთობლივად და ერთსულოვნად დიდება მორწმუნეთა კრებულში. არაა სიმართლე, რომ ერთის ხმა იკარგება მრავალში და მისი ხმა ღმერთს არ ესმის. განა ხელი უკეთ არ აკეთებს თავის საქმეს, როცა სხეულთანაა შეერთებული?! და განა იგივე არ ითქმის სხეულის სხვა ნაწილების შესახებ?! ასევეა ყოველი მორწმუნე. როდესაც ეკლესიაშია და ეკლესიის წევრებთან ერთად ლოცულობს (სხვათა შორის, უდაბნოში მყოფსაც შეუძლია ილოცოს ეკლესიაში და ეკლესიასთან ერთად) და არ არის გამოყოფილი ეკლესიისგან, მაშინ ის უკეთ ჩანს და უკეთ ისმინება ღვთის მიერ. მისი სული თანაზიარია მრავალი მორწმუნის სულის და მეტად გამოირჩევა და მეტად ამოიცნობა თავისი ლოცვით, როდესაც დაკავშირებულია ეკლესიის სხეულთან.უფალო, იესო ქრისტე, მხოლოდ შენგან, შენში და შენ მიერ შეგვიძლია ვადიდოთ ღმერთი. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
03.12.2022, შაბათი
ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელისა (†816); პროკლესი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (†446/447). მოწამე დასი დოროსტოლელისა, რუმინელისა(303) #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წოდების ღირსი ქცევის შესახებ... მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი, სრული სიმდაბლით და სიმშვიდით და სულგრძელებით ... (ეფ. 4:1-2)არ იამპარტავნო, არ ჩავარდე მრისხანებაში, არ მოიქცე სულმოკლედ - რადგან ეს ყველაფერი არ შეესაბამება ქრისტიანის წოდებას. ქრისტიანის წოდება იმდენად დიადი და საკვირველია, რომ ადამიანისთვის რთულია თავიდან აიცილოს ამპარტავნება, რთულია სულმოკლეობა არ გამოიჩინოს საფრთხისა და დანაკარგების დროს. მოციქული სამ ჯანსაღ მდგომარეობას უპირისპირებს სამ არაჯანსაღ მდგომარეობას, კერძოდ: სიამაყეს - თავმდაბლობას, მრისხანებას - სიმშვიდეს, სულმოკლეობას - სულგრძელებას. შეიძლება ითქვას, ეს სამი სათნოება - თავმდაბლობა, სიმშვიდე და სულგრძელება - სრულად არ წარმოაჩენს ქრისტიანის ღირსებას, რადგან მისი სიდიადე და სიმდიდრე შეუძლებელია დაფასდეს დედამიწაზე. ეს იმას ჰგავს, ადამიანს თავდახურული ყუთით დაჰქონდეს განძი ამქვეყნად და ყუთს ხსნიდეს და განძს იღებდეს მხოლოდ იმქვეყნად. ქრისტიანის წოდების სიდიადის შეფასება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც ძალუძს ამაღლება ზეციურ სიმაღლეებამდე და დიდებაში მყოფი უფალი იესო ქრისტეს ხილვა ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად. იქ არის კრებული უფლის ყველა სათნოყოფილი მოღვაწისა, რომლებიც ღირსი გახდნენ დიდი პატივის. უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შენი სახელი ყველა სახელზე ძვირფასია ჩვენთვის. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
04.12.2022, კვირა
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
#mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მორწმუნეთა, როგორც ერთი სხეულისა და ერთი სულის, შესახებ.ერთია ხორცი და ერთია სული (ეფ. 4:4)მორწმუნენი უნდა იყვენენ, როგორც „ერთი ხორცი და ერთი სული“, - აი, რას გვირჩევს წმიდა მოციქული. ერთ ხორცში ყოფნა უნდა გავიგოთ, როგორც ერთი სარწმუნოება განხეთქილების, ერესებისა და თვითნებობის გარეშე. ეკლესია ერთი სხეულია, რომლის თავიც არის ქრისტე. ერთ სულში ყოფნა კი ნიშნავს სიყვარულს – ყველა მორწმუნის მხურვალე სიყვარულს ქრისტეს მიმართ, რომლისგანაც წარმოიშობა ურთიერთსიყვარული. დაე, სიმრავლე იქცეს ერთობად – და იყოს ბევრი, როგორც ერთი. ეს ქრისტიანული სარწმუნოებისა და ქრისტიანული სიყვარულის სასწაუალია. არ არსებობს სამყაროში სხვა ძალა, რომელიც უფრო ძლიერად დააკავშირებდა ადამიანებს ერთმანეთთან. არცერთი სისხლი, არცერთი ენა, არცერთი კერა, არცერთი მშობელი, არც რაიმე ამქვეყნიური ინტერესი - არცერთი ამათგან ოდნავადაც არ შეედრება თავისი სიმყარით ქრისტიანულ რწმენასა და სიყვარულს. ამგვარი მტკიცე და დაურღვეველი ერთობით უკავშირდებიან ერთმანეთს ეკლესიის წევრები. და ღვთის ეკლესია დგას, როგორც ერთი დროსა და მარადისობაში - ერთი სხეულითა და ერთი სულით. ამ საკვირველ ერთობას არაფერი ისე არ ეწინააღმდეგება, როგორც ცალკეული ადამიანების ამპარტავნება. ამპარტავნება ამახინჯებს რწმენას, აციებს სიყვარულს, ამპარტავნება შობს ერესებს, ყოფს ეკლესიას, მსხვერპლად სწირავს პირად კეთილდღეობას საზოგადო კეთილდღეობას. ამპარტავნება თავისი არსით რწმენისა და სიყვარულის არქონაა.დაე, ღმერთმა დაგვიფაროს ამპარტავნებისაგან, ადამიანთა მოდგმის ამ უძველესი სენისაგან, ძმებო, რათა ყოველთვის ვიყოთ ერთ სულ და ერთ ხორც ჩვენს უფალ იესო ქრისტეში. ქება და დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, თავო ეკლესიისაო, უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
05.12.2022, ორშაბათი
ხსენება მოციქულთა 70-თაგანთა. მართალი მიქაელ მხედრისა ბულგარელისა(866); კეთილმორწმუნე მთავრის მიხეილ ტვერელისა(1318). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება თუ რას მოიცავს მართალთა ერთიანობა.ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი და ყოველთა მამა... (ეფ. 4:5–6)ჩვენ, ქრისტიანებმა, უნდა შევინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობასთან ერთად, რადგან ესაა მტკიცე და ნათელი საფუძველი იმისა, რომ ვიყოთ ერთი სხეული და ერთი სული. ჩვენ ერთი გვყავს უფალი, იესო ქრისტე, შემოქმედი, მხსნელი და მკვდრეთით აღმდგენელი. არ არსებობს ორი ქრისტე, რომ ჩვენ შორის იყოს გაყოფა. ერთი სისხლი დაიღვარა ყველა ჩვენგანისთვის ჯვარზე და ერთი ბაგე ლოცულობდა გეთსიმანიის ბაღში ყველასთვის. ჩვენ გვწამს ერთი ღმერთი – ყოვლადწმიდა სამება, განუყოფელი და ცხოველსმყოფელი, მამა, ძე და სულიწმიდა, ერთი არსი და სამი ჰიპოსტასი: მამა უშობელი, ძე მხოლოდშობილი და სულიწმიდა, მამისაგან გამომავალი. გვაქვს ერთი ნათლისღება სამების სახელით - „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“ – წყალში სამგზის შთაფლვით, რათა მოკვდე ცოდვისა და ეშმაკისათვის და აღდგე და იცოცხლო უფალ იესო ქრისტესათვის. ერთი ღმერთი და ყოველთა მამა - ეს არის მხოლოდშობილი ძის, უფალ იესო ქრისტეს მამა, რომელიც ჩვენ ქრისტეს მიერ და ქრისტეს გამო შვილად გვიღებს და გვაძლევს უფლებას მივმართოთ მას: „მამაო ჩვენო“. ხედავთ, ძმებო, რა გვაერთიანებს ჩვენ? ხედავთ, რა მყარი საფუძველი გვაქვს ერთობისათვის? სხვა ყველაფერი, რაც მარცხენა მხრიდან გვიბიძგებს დაყოფისკენ, ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც ქვიშის მარცვალი დიდ მთასთან შედარებით. ეშმაკი ვერ დაარღვევს ჩვენს ერთობას, თუ თავად არ დავეხმარებით მას. ეშმაკი ვერ დაგვიმორჩილებს, თუ თავად არ დავემორჩილებით მას.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, სახიერო და კეთილო, რა მტკიცედ დაგვაკავშირე მარადიული სიკეთით! შეგვაკავე და გვამყოფე ჩვენ ამ ერთობაში. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
06.12.2022, სამშაბათი
მღვდელმოწამისა გრიგოლ არქიმანდრიტისა, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებულისა (ფერაძე 1942); ამფილოქე იკანიელი ეპ. (†394); გრიგოლ ანკრაგატიელი ეპ.; კეთილმორწმუნისა მთავრისა ალექსანდრე ნეველისა (†1263). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მადლისა და ნიჭების შესახებხოლო თითოეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი (ეფ. 4:7)აი, რის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ქრისტიანები. მოციქულმა, პირველ რიგში, ის ჩამოთვალა, რაც გვაერთიანებს, ანუ: ერთი უფალი, ერთი სარწმუნოება, ერთი ნათლისღება, ერთი ღმერთი და მამა ყოველთა... ახლი კი იმის შესახებ მიუთითებს, რაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ერთმანეთისაგან განგვასხვავებს. კერძოდ, ესაა ქრისტეს ნიჭები, რომელთა შესაბამისადაც გვებოძება სულიწმიდის მადლი.ქრისტე თავია იმ დიდი სხეულისა, რომელსაც ეკლესია ეწოდება. ქრისტეა შემოქმედი ამ სხეულის და მისი თითოეული წევრისა ცალ-ცალკე; ის არის შემოქმედი და ერთადერთი, ვინც იცის თავისი ქმნილების აღნაგობა და სტრუქტურა. იგი არ დაუშვებს, რომ მისი ნაგებობის რომელიმე ნაწილი იყოს შეუსაბამოდ დიდი ან მცირე. იგი უწესებს საზომს ყველასა და თითოეულს. ამგვარად, ზოგს ხუთ ტალანტს უბოძებს, ზოგს ორს და ზოგს კიდევ ერთს, რათა არავის ეწყინოს და არავის შურდეს; არ ეწყინოს - რადგან თუ ნაკლებს მიიღებს, პასუხსაც ნაკლებად აგებს; არ შურდეს - რადგან თუ ვინმეს მეტი აქვს, ეს მას კი არ ეკუთვნის, არამედ ღმერთს; და თუ ვინმეს ბევრი აქვს, მისგან მეტს მოითხოვენ - სწორედ ისე, როგორც ტალანტების შესახებაა ნათქვამი სახარებისეულ იგავში.ჰოი, ძმებო, დაე, თითოეულმა ჩვენგანმა გააცნობიეროს მისთვის ბოძებული მადლის საზომი და პასუხისმგებლობა. პატივი ვცეთ ჩვენთვის და ჩვენ გვერდით მყოფთათვის ბოძებულ ნიჭებს, რადგან ყოველგვარი ნიჭი ღმერთს ეკუთვნის და ღვთისგან არის.უფალო იესო ქრისტე, მრავალგვარ ნიჭთა მბოძებელო, ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
07.12.2022, ოთხშაბათი
დიდმოწამისა მერკური კაპადუკიელისა; დიდმოწამე ეკატერინე ყოვლადბრძენისა, ალექსანდრიელი ქალწულისა (†305/313); მღვდელმოწამეთა: კლიმენტი რომის პაპისა (†100/1010 და პეტრე 1 ალექსანდრიელი პატრიარქისა (†311). ღირსი მასტრიდია ქალწულისა, ალექსანდრიელისა; მოწამე ფილოთეასი(1060). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ზეციდან ჩასულისა და ზეცად ასულის შესახებჩასული კი იგივეა, ვინც ყველა ზეცაზე ზევით ავიდა, რათა აღევსო ყოველი (ეფ. 4:5) უფალი იესო ქრისტე თავისი კაცთმოყვარებით ქვევით ჩავიდა და იმდენად ქვევით, რომ უფრო მეტად ჩასვლა შეუძლებელია, შემდეგ კი ზევით ავიდა, და იმდენად ზევით, რომ, ჭეშმარიტად, იმაზე ზევით ასვლა შეუძლებელია. იგი ჩავიდა დედამიწის ყველაზე უქვემოეს ადგილას ანუ თვით ჯოჯოხეთში, საიდანაც გამოიხსნა და ცათა სასუფეველში შეიყვანა მამამთავარნი, წინასწარმეტყველნი და მართალნი. აღასრულა თავისი საქმე დედამიწაზე და ჯოჯოხეთში და ამაღლდა ზეცად ყველაზე ზევით. ზეცად ასული კი იგივეა, ვინც ზეციდან ჩამოვიდა, ყოვლად უცვლელი, თუმცა, ჩამოვიდა სხეულის გარეშე და ამაღლდა სხეულით.მაშასადამე, დაუშვებელია ვიფიქროთ, რომ ძე ღვთისა და ძე კაცისა სხვადასხვაა, როგორც ამას ამტკიცებდნენ ერეტიკოსები. ძე ღვთისა და ძე კაცისა ერთია, ერთი ღმერთი და ერთი ადამიანი, ერთი მხსნელი და ჩვენი მაცხოვარი. „იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე“ (ებრ. 13:8); უფალი იგივეა დაბლაც და მაღლაც, დედამიწაზეც, ჯოჯოხეთშიც და სამოთხეშიც, იგი დამდაბლდა ყველა ადამიანზე მეტად და ამაღლდა ყველა ანგელოზურ ძალაზე მეტად, რათა თავისი მაგალითით ეჩვენებინა თავისი სიტყვების ჭეშმარიტება: „ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება“ (მთ. 23:12). თუ არ დავმდაბლდებით სათნოებით, მაშინ დაგვამდაბლებს ცოდვა. სათნოებას მივყავართ ნებაყოფლობითი და დროებითი დამდაბლებისკენ, ხოლო ცოდვას – მარადიული და დაუსრულებელი დამდაბლებისკენ.ჰოი, უფალო, იესო ქრისტე, რომელიც ყველას აღავსებ შენი ძალით, აღგვავსე ჩვენც ჭეშმარიტი სიმდაბლის სულით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
08.12.2022, ხუთშაბათი
მღვდელმოწამეთა: კლიმენტი რომის პაპისა, პეტრე 1 ალექსანდრიელი პატრიარქისა, დიდმოწამეთა: მერკური კაპადუკიელისა და ეკატერინე ყოვლადბრძენისა, ალექსანდრიელი ქალწულისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მსახურებისა და ცოდნის განაწილების შესახებდა მანვე დაადგინა ზოგი მოციქულებად, ზოგი წინასწარმეტყველებად, ზოგი მახარებლებად, ზოგიც მწყემსებად და მოძღვრებად (ეფ. 4:11)როგორც ადამიანის სხეულში სხვადასხვა ორგანოს აქვს განსხვავებული მსახურება, თუმცა ყველა ჰარმონიულად, შეთანხმებულად მოქმედებს მთელი სხეულის სასარგებლოდ, ასევე დაადგინა უფალმა ეკლესიაში, რომელიც მისი სხეულია, სხვადასხვა ორგანო სხვადასხვა მსახურებით. პირველ ადგილზე მან მოციქულები დააყენა და მისცა მათ არა რომელიმე ღირსება, მსახურება ან სულიერი ნიჭი, არამედ ყველა ღირსება, ყველა მსახურება და ყველა ნიჭი ანუ ყველაფერი ერთად. მოციქულები, ამავდროულად, იყვნენ წინასწარმეტყველნიც, მახარებლებიც, მოძღვრებიცა და მასწავლებლებიც. მოციქულის წოდება მეტად აღარ გამეორდება. დიდი მოციქული იყო თორმეტი, მეცამეტე მოციქული იყო პავლე, ხოლო მცირე მოციქული იყო სამოცდაათი. წინასწარმეტყველნი არიან ისინი, ვისაც სულიწმიდის მიერ მიეცათ წინასწარმეტყველების ნიჭი, აქ იგულისხმებიან არა ძველი აღთქმის, არამედ ახალი აღთქმის წინასწარმეტყველნი (საქმ. 11:27; 21:10, 13:1). წინასწარმეტყველნი იყვნენ და ხდებოდნენ წოდებისა და მდგომარეობის მიუხედავად. მახარებლები, ანუ ევანგელისტები, უპირველეს ყოვლისა, არიან ისინი, რომელთაც დაწერეს სახარება; შემდეგ არიან მისიონერები, რომლებიც ქრისტიანულ სწავლებას ავრცელებენ ურწმუნოთა შორის; დაბოლოს, წმიდა წერილის განმმარტებლები, რომლებიც წერილობითი სახით გადმოსცემენ ქრისტიანულ ჭეშმარიტებას ყველასათვის.მოძღვრები და მასწავლებლები ერთნი არიან წოდებით, რადგან ძნელია წარმოიდგინო მოძღვარი, რომელიც, ამავდროულად, არ არის მასწავლებელი. მოძღვრები, გარკვეულწილად, შეზღუდული არიან ადგილითა და მრევლის რაოდენობით, რომლებიც სულის ხსნის გზაზე მიჰყავთ და წინამძღვრობენ ქრისტეს ეკლესიას. ასე მოაწყო უფალმა ყველაფერი თავისი წმიდა მოციქულების მეშვებით. ნეტარია, ვინც აცნობიერებს თავის მსახურებას და მისთვის სულიწმიდის მიერ ბოძებულ ნიჭს და ნეტარია ის, ვინც, მოწოდების შესაბამისად, ბოლომდე იმსახურებს. და როგორც სულიწმიდა იძლევა ნიჭებს ამჟამად, ასევე უფალი თავის დროზე გასცემს ჯილდოებს.ჰოი, ზეცათა მეუფეო, სულო წმიდაო, ღმერთო ჭეშმარიტო, შეგვეწიე, რათა სიმდაბლით გამოვიყენოთ სულიერი ნიჭები ეკლესიის საკეთილდღეოდ და ჩვენი სულების სახსნელად. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
09.12.2022, პარასკევი
ღირსისა ალიპი მესვეტისა, დიდმოწამე გიორგის ტაძრის განახლებისა კიევში (†1051/1054), ღირსისა პაფლაგონიელი ბერისა -წყვილთა მფარველისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, თუ რა არის მიზანი ნიჭების, მსახურებისა და ცოდნის განაწილებისა... რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად (ეფ. 4:12)სულიწმიდამ იმისათვის გაანაწილა ნიჭები და დაადგინა ერთნი მოციქულებად, მეორენი - წინასწარმეტყველებად, სხვანი - მახარებლებად, მოძღვრებად და მასწავლებლებად, რათა მორწმუნეები ანუ ქრისტიანები სრულყოფილიყვნენ. როგორც ოჯახშია პატივი და მსახურება განაწილებული (ანუ სხვა პატივი და მსახურება აქვთ მშობლებს, სხვა – უფროს ვაჟებსა და ქალიშვილებს, სხვა – მცირეწლოვან ბავშვებსა და მსახურებს), თუმცაღა ყველანი ერთმანეთის საკეთილდღეოდ ემსახურებიან ერთმანეთს, ასევეა ღვთის სახლში ანუ წმიდა ეკლესიაში: ყველას თავისი საქმე აქვს და ყველას მსახურება ყველასთვის სასარგებლოა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და ბრძნულად ხდება აღშენება ქრისტეს სხეულის, ღვთის წმიდა ეკლესიის.ყოველი მორწმუნე იზრდება და ვითარდება სხვების თანადგომით, როგორც ამ სხეულის წევრი - იზრდება სიწმიდეში, უბიწოებაში და მთელ სხეულთან შესაბამისი თანაფარდობითა და ზომით. ხოლო მთლიან სხეულს, დასაბამიდან სამყაროს დასასრულამდე, განსაკუთრებით კი ძე ღმერთის განკაცებიდან საშინელ სამსჯავრომდე, წარმოადგენს ქრისტეს წმიდა ეკლესია. ეს არის უკვდავების ღირსი სხეული და ღვთის საკადრისი ნაგებობა. ადამიანის თვალს არ ძალუძს მისი დანახვა, არც გონებას ხელეწიფება მისი გააზრება. ეს ნაგებობა აღშენებულია გამორჩეული მასალით, ცოცხალი აგურით, თვალით და გულით, უხეშობისა და უმსგავსობის გარეშე, ხრწნილებისა და შეუსაბამობის გარეშე, ყვალაფერი თავის ადგილასაა, ყველაფერი მშვენიერია - მთლიანობაში და ცალ–ცალკე. აი, ძმებო, ჩვენი გზის მიზანი! აი, ჩვენი სატანჯველებით გამოწრთობის აზრი! აი, ჩვენი ცხოვრება, რომელიც ჩვენს ყველა გეგმაზე უკეთესი და ჩვენს ყველა სურვილებზე უმაღლესია.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, კაცთმოყვარეო ღმერთო ჩვენო, ნუ უარგვყოფ, როგორც გამოუსადეგარ მასალას, არამედ სრულგვყავი და ადგილი მიგვიჩინეშენს უკვდავ სხეულში. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
10.12.2022, შაბათი
იაკობ დაჭრილისა, სპარსისა (†421). ღირსი პალადი ალექსანდრიელისა; ღირსმოწამე 17 მონაზვნისა, ინდოეთს წამებულთა; ღირსი რომანოზ სასწაულმოქმედისა, კილიკიელისა. ღვთისმშობლის ხატისა - ზეციური ნიშანი. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სრულყოფილი ადამიანის შესახებ... ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ ერთობას რწმენისას და ღმერთის ძის შემეცნებისას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას (ეფ. 4:13)ძმანო, რწმენის ერთობა და ღვთის ძის, უფალ იესო ქრისტეს, შემეცნება ორს, ათასსა თუ მილიონ ადამიანს ერთ პიროვნებაში აერთიანებს. რწმენის ერთობა ქრისტეში და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური შემეცნება ქრისტესი უფრო მტკიცედ აკავშირებს ადამიანებს, ვიდრე სისხლი, ენა, მატერიალური მდგომარეობა თუ მიწიერი კავშირები. როდესაც მრავალი სული ერთსა და იმავეს ფიქრობს, ერთი და იგივე სურს და ერთსა და იმავეს ესწრაფვის, მაშინ მრავალი სულის ეს სიმრავლე ერთ სულს ჰგავს, ერთ დიდ და ძლიერ სულს. სხეულებრივი განსხვავებები ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია და ნაკლებად ექცევა ყურადღება.ამგვარად, მსგავსი სულები ერთიანდებიან „ერთ სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომისაებრ“. სრულყოფილ მთლიანობაში ნაწილებიც სრულყოფილია. ყოველი ქრისტიანის სული „სრულყოფილი კაცის“ ნაწილია. „სრულყოფილი კაცი“ ქრისტეა, ხოლო მისი „საიდუმლო სხეული“ არის ეკლესია. იგი თავისით აღავსებს ყველას, ვისაც სწამს მისი, თითოეულს თავისი ასაკის ზომის შესაბამისად. იგია სისრულე სისრულეთა, ცხოველსმყოფელი წყარო, რომელიც გადმოედინება და აღავსებს ყოველ „ღირსეულ სიცარიელეს“, ანუ რამდენადაც ადამიანი იცლება იმ ყველაფრისგან, რაც არ არის ქრისტე, იმდენად შედის და ავსებს მას ქრისტე.ო, ძმებო, ძლიერ რწმენასთან ერთად, უდიდესი სიმდაბლეა საჭირო, რათა ცხოველსმყოფელი წყალი შემოდინდეს ჩვენში. ბუნებაშიც ვხედავთ, რომ დაბლობი ადგილი უფრო ადვილად იჟღინთება წყლით. რაც უფრო მეტად დავმდაბლდებით ქრისტეს წინაშე, მით უფრო მეტი სურვილით შემოვა უფალი ჩვენში, დაგვარწყულებს თავისი ცხოველსმყოფელობით და აღგვავსებს, როგორც თავის ჭურჭელს, მარადიული სისავსით.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, აღსავსეო სიცოცხლით, სიბრძნით, სილამაზითა და სიტკბოთი, დაგვეხმარე, რომ დავმდაბლდეთ შენი ღვთიური სიდიადის წინაშე, რათა ღირსი გავხდეთ შენი შემობრძანების. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე, ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
11.12.2022, კვირა
დიდმოწამისა და აღმსარებელისა სტეფანე ახლისა, კონსტანტინეპოლელისა (†767); მოწამისა ირინარქესი და წმიდათა 7-თა დედათა (†303). მიტროპოლიტ სერაფიმე ჩიჩაგოვისა (†1937) #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარემატებოდნენ მართლებიარამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმხრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე (ეფ. 4:15)აი, ძმებო, რა მოგვეთხოვება ამქვეყნიურ ცხოვრებაში: ვიაროთ ჭეშმარიტების გზაზე და ვიცხოვროთ სიყვარულში. ჭეშმარიტება გაცხადებულია უფალ იესო ქრისტეს მიერ და სიყვარულის მაგალითი მოცემულია უფალ იესო ქრისტეში. ქრისტეს გარეშე არც ჭეშმარიტებისკენ სვლაა შესაძლებელი და არც ჭეშმარიტი სიყვარულის მაგალითის მოძიება. ხედავს რა, ერთმანეთში გადახლართულ მრავალ ცრუ გზას შორის, სინათლისა და ცხონებისაკენ მიმავალ ამ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას, მოციქული პავლე წინასწარ გვაფრთხილებს: „რათა აღარ ვიყოთ ყრმანი, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით“ (ეფ. 4:14). ჭეშმარიტების ცხადად გადმოცემა და ჭეშმარიტი სიყვარულის ჩვენება შეუძლია მხოლოდ ღმერთს. შეიძლება ერთმა ადამიანმა მეტი იცოდეს, ვიდრე მეორემ, მაგრამ ჭეშმარიტების გამოცხადება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. აზრები ადამიანს ქარივით ეწვევა და წარმოსახები და ფანტაზია ჭეშმარიტება ჰგონია. საკუთარი აზრებით მოტყუებული ერთი ადამიანი მეორეს ატყუებს, ხოლო ჭეშმარიტება ღმერთთანაა და ღმერთშია. მხოლოდ ქრისტეა ჩვენი ჭეშმარიტება და სიყვარული, ძმებო. როდესაც ქრისტეს შესახებ ვფიქრობთ, ჭეშმარიტების შესახებ ვფიქრობთ; როდესაც ქრისტეს მსგავსად ვაკეთებთ, სიკეთეს ვაკეთებთ; როდესაც ქრისტე გვიყვარს, სიყვარული გვიყვარს. ქრისტეს მიერ ვარსებობთ, ქრისტეს მიერ წარვემატებით, ქრისტე მიერ მოვიპოვებთ უკვდავებასა და დიდებას. იგია ჩვენი თავი – არა მხოლოდ გარკვეული ნაწილის, არამედ ერთიანი ცოცხალი სხეულის, რომლის წევრებიც ვართ ჩვენ. ჭეშმარიტებასა და სიყვარულში მყოფნი კი ღირსი ვხდებით ქრისტეს ამ სხეულის წევრები ვიყოთ მარადიულად. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ყოვლად საკვირველო ჭეშმარიტებაო და უტკბესო სიყვარულო ჩვენო, მიგვიღე და დაგვამკვიდრე შენში. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
12.12.2022, ორშაბათი
მღვდელმოწამისა აბიბოსისა, ნეკრესელი ეპ.; მოწამისა პარამონ ბითვინელისა და მისთანა 370-თა მოწამეთა (†250); მოწამისა ფილუმენ ანკვირელისა (†270-274); ღირსისა აკაკი მორჩილისა, სინელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ეკლესიის აგებულების შესახებ, რომელიც სხეულის მსგავსიავის მიერაც მთელი სხეული, ყოველგვარი ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თითოეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში (ეფ. 4:16)ძმებო, აქ საუბარია სულიერი სხეულის, ღვთის წმიდა ეკლესიის შესახებ. მისგან, ანუ ქრისტესგან, მთელი ეს სხეული აგებული და შენაწევრებულია წესისამებრ. ყოვლადბრძენი მოციქული ვერ პოულობს უფრო უკეთეს შედარებას და სულიერ სხეულს ანუ ეკლესიას ადამიანის სხეულს ადარებს. რაც არის ადამიანის სხეულისათვის თავი, ის არის ეკლესიის სხეულისათვის ქრისტე. თავის მიერ კონტროლდება მთელ სხეულში განაწილებული ნერვები და სწორედ ნერვული სისტემით მოქმედებს სხეულის ყველა ნაწილი, გრძნობს, მოძრაობს. და სწორედ ეს არის მათი სიცოცხლე, რომ იგებს რა უნდა გააკეთოს, გრძნობს და მოძრაობს. შეიძლება ითქვას, რომ თავი ტვინისა და ნერვების მეშვეობით სხეულის ყველა ნაწილშია. თუ მოკვეთილ იქნება თავი, სხეულის ყველა ნაწილი მყისვე მოკვდება. ქრისტეც ეკლესიის ყველა წევრში ანუ ყველა მის ერთგულ მორწმუნეშია. მისი მეშვეობით თითოეული მორწმუნე აღიქვამს სულიერ სამყაროს, შეიგრძნობს სიყვარულს და სწორად მიდის ღვთისკენ, ქრისტესგან იღებს ძალას სხეულის ყველა წევრი საქმეებისა და საზომის შესაბამისად ანუ მისთვის განკუთვნილი მსახურებისა და ბოძებული ნიჭის მიხედვით. ამ ძალას უფალი იძლევა ყოველგვარი შუამავლის გარეშე, პირდაპირ, ხელშესახებად, მხოლოდ მისი პირადი თანდასწრებით. სიყვარული - სასწაულებრივი კავშირია, რომელიც ქრისტეს მორწმუნეებთან აკავშირებს, მორწმუნეებს კი ქრისტესთან და ერთმანეთთან. რა ემართება, ძმებო, სხეულის ნაწილს, როდესაც ნერვი წყდება, რომელიც მას თავთან აკავშირებს? იგი უმოქმედო, უმოძრაო, უგრძნობი ხდება და კვდება. იგივე ემართება ეკლესიის თითოეულ წევრს, რომელიც ეკლესიიდან გადის და ამით კავშირს წყვეტს ეკლესიის თავთან ანუ ქრისტესთან. ღმერთმა დაგვიფაროს, ძმებო, ამგვარი სიკვდილისგან.ჰოი, უფალო, იესო ქრისტე, სიცოცხლისა და სიყვარულის წყაროო, ნუ მისცემ ჩვენში და ჩვენ გარეთ მყოფ ბნელ ძალებს უფლებას, რომ დაგვაშოროს შენგან და შენს სხეულს ანუ შენს წმიდა ეკლესიას, რომელიც შენი ფასდაუდებელი სისხლით მოიყიდე. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
13.12.2022, სამშაბათი
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა (†62); წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა და სამოელ 1-ისა ქართლის კათალიკოსთა #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ურწმუნოთა უვიცობისა და გასასტიკების შესახებამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო (ეფ. 4:17-18)რა არის ამაოება, ძმებო? ყველაფერი ის, რის შესახებაც ქრისტეს გარეშე მსჯელობენ, რაც ღმერთს აშორებს, რაც ღვთის შიშის გარეშე გამოიყენება. და რა არის გონების ამაოება, ძმებო? ეს არის ცხოვრება და ცხოვრების გააზრება არა ღვთის რჯულის, არამედ საკუთარი წუთიერი გულისთქმებისა და სურვილების მიხედვით. რის გამო ეწევა ამგვარი ბოროტება ადამიანებს? პირველ რიგში, გულის გასასტიკების გამო, შემდეგ კი – უმეცრებით. რას ნიშნავს გულის გასასტიკება? ეს იმას ნიშნავს, რომ გულს არ გააჩნია ღვთის სიყვარული და შიში, არამედ სავსეა ავხორცობით და ყველა სხვა შიშით სხეულის გამო. რა იშვება გულის გასასტიკებით, ძმანო? უვიცობა და სრული უმეცრება ყოველგვარი ღვთიური კანონებისა და გზების შესახებ - ანუ სრული სიცარიელე სულიერი ცხოვრებისა და სულიერი აზროვნების მიმართ. რა არის, ძმებო, გულის გასასტიკებისა და ღვთიური ჭეშარიტების უცოდინრობის საბოლოო შედეგი? გონების დაბნელება და ღვთიური ცხოვრებისგან განდგომა. გონების დაბნელება ისაა, რომ გონება მართლაც ბნელი ხდება, ისევე, როგორც სხეული, რომელშიც ნათელი ხდება ბნელი (ლკ. 11:35). ო, ეს საშინელი სიბნელეა! გონებით დაბნელებული დაბნელებულია ჭკუითაც, რადგან გონებადაბნელებულმა არაფერი იცის, ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული, ყველაფერს უარყოფს. იგი განდგომილია ღვთიური ცხოვრებისაგან, იფიტება და კვდება, როგორც სხეულს მოშორებული ნაწილი. ასეთები არიან წარმართები, ურწმუნოები, ასეთები არიან, საბოლოოდ, მცირედმორწმუნენი და ცრუ ქრისტიანები. თუმცა, გამხმარი ხეც, თუ მას მოვრწყავთ ქრისტეს ცხოველსმყოფელი წყლით, გაცოცხლდება და განედლდება. წარმართული სამყაროც ასეა გაცოცხლებული ქრისტეს მიერ, მით უფრო – მონანული ქრისტიანები.ჩვენც ჩვენი თავი გამოვცადოთ, ძმებო, ჩვენი თავი შევამოწმოთ ყოველდღიურად. ვკითხოთ საკუთარ თავს ყოველდღე, ხომ არ დაგვიბნელდა გონება და ხომ არ დავშორდით ღმერთს. მალე მოვა სიკვდილი, აღსასრული და სამსჯავრო და მაშინ გამხმარ ხეებს ჩაუქრობელ ცეცხლში ჩაყრიან. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, გონებაო და ცხოვრებაო ჩვენო, მოგვმადლე გაგება შენი მეშვეობით და სიცოცხლე შენთან ერთად. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
14.12.2022, ოთხშაბათი
მართლისა ფილარეტ მოწყალისა, პაფლაგონიელისა (†792). მოწამე ანანია სპარსისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სამყაროს შექმნის შესახებდასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა (შეს. 1:1)ძმებო, ეს არის ღვთის პასუხი წინასწარმეტყველის პირით – პასუხი ყველა ჩვენგანისათვის დაუკმაყოფილებელ შეკითხვაზე: საიდანაა ეს სამყარო? ღმერთს ესმის ეს კითხვა, გამოთქმული თუ გამოუთქმელი ჩვენგან, ესმის და პასუხს გვცემს. როგორც აძლევს წვიმას გამომშრალ მიწას, ჯანმრთელობას – სნეულს და პურსა და სამოსს – სხეულს, ასევე აძლევს პასუხს ჩვენს სულს, რომელსაც სწყურია და შია, ტკივა და შიშველია მანამ, სანამ არ დამწყურვალდება და არ დაპურდება, არ გამოჯანმრთელდება და არ შემოისება ჭეშმარიტი პასუხით. მაშ, საიდან არის ეს სამყარო? – ეს არის კითხვა, პასუხი კი ასეთია: დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა. ეს სამყარო თავისით არ შექმნილა, ისევე როგორც არაფერი შექმნილა სამყაროში თავისთავად. სამყარო არ შექმნილა ბოროტი ძალებისაგან, არც მრავალი ბოროტი და კეთილი ძალის მიერ. იგი შექმნილია კეთილი ღმერთის მიერ. ამგვარი პასუხი თითოეული ადამიანის გულში სიხარულს იწვევს და კეთილი საქმეებისათვის განაწყობს. ამგვარად, უკვე ვიცით, რომ ეს არის ერთადერთი სწორი და ჭეშმარიტი პასუხი. ნებისმიერი სხვა პასუხი, ამის საპირისპირო, მწუხარებასა და შიშს იწვევს და უკეთური საქმეებისაკენ გვიბიძგებს. ამიტომ ყოველი ასეთი ან მსგავსი პასუხი მცდარია. სამყარო ღმერთმა შექმნა, ძმანო - გავიხაროთ და გავმხიარულდეთ! სამყარო ღმერთმა შექმნა, მაშასადამე, ღვთისგან იქნება მისი დასასრულიც. კეთილია სამყაროს ფესვი - შესაბამისად, ნაყოფსაც კეთილს გამოიღებს, სინათლის წყაროდან მომდინარეობს – მაშასადამე, სინათლითვე დასრულდება. და რაკი ვიცით, რომ დასაბამი კეთილია, მაშასადამე, მიზანიც კეთილია და დასასრულიც. სამყაროს დასაბამის შესახებ ნათქვამ სიტყვებში უკვე ფარულად დევს წინასწარმეტყველება დასასრულის შესახებაც. როგორიცაა დასაბამი, ისეთივეა დასასრული. ვისგანაცაა დასაბამი, მასშივეა დასასრული. მაშ, გავუფრთხილდეთ ამ მაცხონებელ ჭეშმარიტებას, ვიქონიოთ ნათელი იმედი და განვმტკიცდეთ იმის მიმართ სიყვარულში, ვინც სიყვარულით შეგვქმნა. ჰოი, უფალო, ღმერთო ჩვენო, ყოვლისშემოქმედო და ყოვლისმპყრობელო, წყაროო სიკეთისაო, თაყვანს გცემთ და გევედრებით: წარმართე ჩვენი ცხოვრება კეთილი დასასრულისკენ შენი წმიდა სულისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
15.12.2022, ხუთშაბათი
ღირსისა ისე წილკნელი ეპისკოპოსისა (†VI). მოწამე მიროპიასი(251); კეთილმსახური სტეფანე უროშისა, სერბი მეფისა(1367); #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სასიხარულო გამოცხადების შესახებ პირველ წინადადებაშიდასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა (შეს. 1:1)როგორი ლაკონურობა და სისავსეა ღვთის ყველა სიტყვაში! იგი ჰგავს გრაგნილს, რომელიც ხელშიც შეიძლება დაიტიო და საკმაოდ დიდ სიგრძეზეც გაშალო მინდორზე. ძალზედ მრავალი სიკეთე იშლება ჩვენ წინაშე ღვთის შემდეგი სიტყვებით: „დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა“. ეს სიტყვები, უპირველეს ყოვლისა, მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთია, მარადიული, დაუსაბამო დაშეუქმნელი. და ეს პირველი აღმოჩენა გვანიჭებს ჩვენ ენით გამოუთქმელ სიხარულს. ამ ცვალებადობისა და წარმავლობის მორევში განუზომლად გვახარებს ის, რომ ჩვენი შემოქმედი ცვალებადობასა და წარმავლობაზე უაღმატებულესია. კიდევ იმასაც ვიგებთ, რომ ერთარსი სამპიროვანი ღმერთი სამყაროს შემოქმედია, და რადგან შემოქმედია, ე. ი ყოვლისმპყრობელიცაა და ყოვლისგანმგებელიც. და ეს მეორე აღმოჩენაც ძალიან დიდ სიხარულს გვანიჭებს ჩვენ. სამყარო არ წარმოქმნილა უგნურებით ან შემთხვევითობით, უმიზნოდ და დანიშნულების გარეშე, არამედ შექმნა ყოვლადბრძენმა, ყოვლისმცოდნე და ყოვლადმოწყალე ღმერთმა, რომელიც მართავს სამყაროს და გააზრებულად უძღვის მიზნისკენ. გარდა ამისა, ჩვენთვის ცხადი ხდება ის, რომ ამ სამყაროს აქვს დასაბამი და, შესაბამისად, ექნება დასასრულიც. და ეს მესამე აღმოჩენაც ენით გამოუთქმელ სიხარულს გვანიჭებს, რადგან სამწუხარო იქნებოდა, თუკი ეს სამყარო აღმოჩნდებოდა უცვალებელი და ყველა მიზანი (ახლო თუ შორეული) იქნებოდა მხოლოდ მასში, რაც უსათუოდ გამოიწვევდა შფოთს ბრძენი ადამიანების გონებასა და მართალთა გულებში. დაბოლოს, ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ღმერთმა შექმნა ორი სამყარო - ზეციური და მიწიური, ანუ ხორციელი და სულიერი. და ეს მეოთხე აღმოჩენაც გამოუთქმელ სიხარულს გვანიჭებს. როცა ზეცისკენ მივმართავთ მზერას, გვახარებს მზე, მთვარე და ვარსკვლავები ჩვენ ზევით, ასევე, როდესაც მივმართავთ ჩვენს სულს სულიერი ანუ ანგელოზების სამყაროსკენ, რომელიც ჩვენივე მსგავსია, თუმც უფრო წმიდა და ნათელი, გვიხარია, რადგან ვიცით, რომ არსებობს მიწიერ სამყაროზე უკეთესი სამყარო, სადაც საბოლოოდ დავმკვიდრდებით და, როგორც დაღლილი მგზავრები, დავბრუნდებით სახლში და განვისვენებთ. ო, როგორი დამწუხრებული იხეტიალებდა ადამიანის წარმოსახვა მხოლოდ დედამიწაზე – ვარსკვლავიანი ცა რომ არ ყოფილიყო! და როგორი დამწუხრებული იხეტიალებდა ადამიანის სული ამ სამყაროში, რომ არ არსებულიყო სულიერი, ზეციური სამყარო! ყოვლადსახიერო უფალო, მხოლოდ და მხოლოდ შენ გშვენის ქება და დიდება უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
16.12.2022, პარასკევი
წინასწარმეტყველისა სოფონიისა, 12 მცირე წინასწარმეტყველთაგანისა (†635-606 წწ. ქრისტეს შობამდე). ღირსი თეოდულე კონსტანტ.(4400; ღირსი იოანე მდუმარისა, კოლონიელი ყოფილი ეპ.(558); მღვდელმოწამე თეოდორე ალექსანდრიელი მთავარეპ.(606); ღირსი გიორგი ჩერნიკსკელისა, რუმინელისა(1806) #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ორი სამყაროს შესახებდასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა (შეს. 1:1)ძმანო, ღმერთი იმას უცხადებს ადამიანებს, რაც სურს, ხოლო რაც არ სურს, ის გამოუცხადებელი რჩება. ღვთის მხილველმა მოსემ ცის შესახებ მხოლოდ ის თქვა, რომ „დასაბამად ღმერთმა შექმნა ცა“ და ამის შემდეგ ქვეყნის შექმნის დეტალურ აღწერას განაგრძობს. რატომ არ საუბრობს წინასწარმეტყველი მოსე ისევე ამომწურავად ზეცის შექმნის შესახებ? იმიტომ, რომ ღმერთს არ სურდა მეტის გამოცხადება. არ სურდა, რადგან იმ დროის ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად მოესმინათ და გაეგოთ არაამქვეყნიურისა და ზეციურის შესახებ. მას შემდეგ, რაც მრავალმა საუკუნემ განვლო და ახალი აღთქმა მოვიდა ადამიანებთან, ღმერთმა ზეციური სამყაროს შესახებ ბევრად მეტი გამოუცხადა თავის რჩეულ და ერთგულ მიმდევრებს. გახსნილი ცის ჭვრეტა მხოლოდ ქრისტიანებმა შეძლეს, რასაც წმიდა იოანე ღვთისმეტყველიც ადასტურებს: „შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში“ (გამოცხ. 4:1). სტეფანე პირველმოწამეც ამას ამბობს: „მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას“ (საქმ. 7:56). მოციქული პავლე, რომელიც მესამე ცამდე იქნა ატაცებული და ენით გამოუთქმელი სიტყვები მოისმინა (2 კორ. 12:2), საუბრობს ანგელოზთა დასების – საყდართა, უფლებათა, ძალთა და ხელმწიფებათა შესახებ და აღნიშნავს: „ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა“ (კოლ. 1:16). მოციქულ პავლეს მოწაფე წმიდა დიონისე არეოპაგელი კი ისე ზედმიწევნით აღწერს ზეციურ იერარქიას, როგორც მოსე – მიწიერი სამყაროს შექმნას. ამგვარია ღვთის მიუწვდომელი სიბრძნის განგებულება: ის, რაც არ გამოუცხადა ღმერთმა მოსეს, გამოუცხადა მოციქულებსა და მათ მიმდევრებს. ის, რაც არ ითქმის ბავშვებისთვის, ითქმის ზრდასრული ადამიანებისთვის. სულიერი წლოვანების შესაბამისად ხდება საიდუმლოთა გამოცხადება.აი, ჩვენთვის მშვენიერი მეცნიერება: ვიყოთ გულმოდგინენი ჭეშმარიტების ძიებაში და კიდევ უფრო ბეჯითნი – გულის განწმენდაში, სულგრძელნი მოთმინებაში და მტკიცენი რწმენაში, რომ ღმერთი მოგვცემს თავის დროზე იმ ყველაფერს და იმდენს, რაც და რამდენიც საკმარისი იქნება ჩვენი ცხონებისათვის. ჰოი, ყოვლადბრძენო და კაცთმოყვარეო უფალო, რომელიც არც ჩქარობ და არც აყოვნებ ჩვენს განსწავლას და მიგვიძღვი ცხონებისაკენ, ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
17.12.2022, შაბათი
დიდმოწამე ბარბარე ილიოპოლელისა (†306)
ღირსისა იოანე დამასკელისა, გალობათა აღმწერელისა (†780); მღვდელმოწამისა სერაფიმე ფანარიელი ეპისკოპოსისა (†1601). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, რომ რაც ღვთისგანაა, ყველაფერი კარგიადა იხილა ღმერთმა, რომ კარგია (შეს. 1:4; 10; 12;  18; 21; 25)კარგი შემოქმედის მიერ, ძმებო, მხოლოდ კარგი იქმნება, ამიტომ დადუმდეს ყველა, ვინც ამბობს, რომ ღვთისგან წარმოიშვა სიკეთე და ბოროტება. უფალი ყოველი მისი ქმნილების შესახებ თავადვე ადასტურებს, რომ რაც მან შექმნა, კარგია. ექვსგზის იმეორებს იგი, რომ კარგია ის, რაც შექმნა; დაბოლოს, მეშვიდე ჯერზე, ყველაფერი ერთიანად შეაფასა: „და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ“ (შეს. 1:31). ამგვარად, ღმერთი შვიდგზის იმეორებს, რომ ყველაფერი, რაც მისი წმიდა ნებით შეიქმნა, კარგია. განა საკვირველი არ არის ზოგიერთი ადამიანის მტკიცება, თითქოს ღმერთმა შექმნა სიკეთეცა და ბოროტებაც? იცოდა რა, რომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი დასწამებდა ცილს, ღმერთმა ყველა დროისა და ყველა თაობისათვის წინასწარ ცხადად გამოთქვა თავისი აზრი და შვიდგზის გაიმეორა ის. ბოროტება ცოდვისგან იშვება, ხოლო ღმერთში არ არის ცოდვა. მაშასადამე, ღმერთს არ შეუძლია აკეთოს ბოროტება, მას ყოვლისშემძლეც იმიტომ ეწოდება, რომ ყოველგვარი სიკეთის ქმნის ძალა აქვს. ცდებიან და გაუკუღმართებულად ფიქრობენ ისინი, ვინც ღვთის ყოვლისშემძლეობას ისე განმარტავს, თითქოს ღმერთშია სიკეთისა და ბოროტების კეთების ძალა. ღმერთი სიკეთის წყაროა, არანაირი უწმინდურება არ არის მასში შერეული და შეუძლებელია, რომ სიკეთის საწინააღმდეგო მოდიოდეს მისგან. ხოლო ბოროტება რომ სიკეთის საწინააღმდეგოა, ეს ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის ცხადია. ასე რომ, იცოდეთ, ძმებო, ღვთის ორსახოვნების შესახებ მხოლოდ ისინი საუბრობენ, ვინც თავად არის გაორებული საკუთარ თავში, ხოლო ვისაც სიკეთე უყვარს, ის სიკეთის გზით მიდის და სიკეთისკენ ისწრაფვის, რადგან ცხადია მისთვის, რომ ღმერთი არის სიკეთე და მხოლოდ სიკეთე. ჰოი, ღმერთო, შემოქმედო ჩვენო, შენ ხარ ყოველგვარი სიკეთის შემოქმედი და „ყოველივე, რაც შენ შექმენი, კარგია ძლიერ“. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
18.12.2022, კვირა
ღირსისა და ღმერთშემოსილისა საბა განწმედილისა (†532); ღირსმოწამეთა კარეელთა, ათონელთა (†1260-1281). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის საქმეებში ბოროტების არარსებობის შესახებ და იხილა ღმერთმა, რომ კარგია (შეს. 1:4; 10; 12;  18; 21; 25)ძმებო, პირველი გამოცხადება ამ სამყაროს შესახებ, რომელსაც წმიდა წერილი გვაუწყებს, არის ის, რომ სამყარო შეიქმნა სიკეთისაგან და არა – ბოროტებისაგან, ღვთისაგან და არა – ღვთის საღინააღმდეგო რაიმე ძალისაგან ან სიკეთისა და ბოროტების რაღაც წარმოსახვითი ნაზავისაგან. მეორე გამოცხადება, ძმებო, ამ სამყაროს შესახებ ისაა, რომ ყველაფერი, რაც კეთილი ღმერთის მიერ არის შექმნილი, კეთილია და კარგი. კარგია სინათლე, კარგია ცის კამარა, კარგია ხმელეთი, კარგია ზღვა, კარგია ბალახი, ყოველგვარი მცენარე და ნაყოფის მომცემი ხე, კარგია ცის მნათობები - მზე, მთვარე და ვარსკვლავები, კარგია ცხოველები და ცის ფრინველები, კარგია ყველა ცოცხალი არსება სახეობების მიხედვით, კარგია ყველა მხეცი, ქვეწარმავალი და ყველა პირუტყვი, დიდი და მცირე ცხოველი, დაბოლოს, კარგია, უფლის განგებით, ამ ყველაფრის პატრონად დადგენილი ადამიანი. „და იხილა ღმერთმა, რომ კარგია ეს ყველაფერი“. ამ სამყაროს ღირებულებებს ვერ აფასებს (და არც შეუძლია დააფასოს) ის, ვინც ზედაპირულად და ფრაგმენტულად უყურებს სამყაროს; სამყაროს აფასებს ღმერთი, ანუ ის, ვინც ხედავს მთელ თავის ქმნილებას ერთიანობაში და თითოეულს ცალ-ცალკე, ვინც ყველა ადამიანზე შეუდარებლად უკეთ იცის დედამიწაზე მათი რიცხვი, სახელი, ბუნება და არსი. „და იხილა ღმერთმა ყოველივე, და აჰა, კარგია ძლიერ“. მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცილს სწამებდნენ ღმერთს და მის საქმეებს და ამბობდნენ, რომ სამყარო თავისი არსით ბოროტებაა, რომ ბოროტებაა ცალკეული ქმნილება და ბოროტებაა მატერია, რომლისგანაც შეიქმნა მიწიერი არსებები. მაგრამ ბოროტება ცოდვაშია, ხოლო ცოდვა – ბოროტი სულისგან მოდის; მაშასადამე, ბოროტება ბოროტ სულშია და არა მატერიაში. სული, რომელიც ღმერთს დაშორდა, ბოროტებას თესავს სამყაროში. ასე ერევა ღვარძლი ღვთის ხორბალს. ბოროტი სული ცდილობს თავის იარაღად გამოიყენოს ადამიანიც და ზოგადად, საგნებიც. სწორედ ბოროტ სულს შეაქვს ადამიანის გონებაში აზრები, თითქოს შექმნილი სამყარო ბოროტებაა, ხოლო მატერია, რომლისგანაც სხვა ყველაფერი შეიქმნა – მთავარი ბოროტება. ბოროტი სული ცილს სწამებს ღვთის შესაქმეს, რათა დაფაროს თავისი საქმეები: ის ადანაშაულებს ღმერთს, რათა თავად არ იყოს დადანაშაულებული.ვუფრთხილდეთ, ძმებო, ბოროტი სულის მზაკვრობას. დაე, განსაკუთრებით მოვერიდოთ ბოროტ აზრებს, რომლებსაც ის თესავს ჩვენს გონებაში. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ჭეშმარიტო განმანათლებელო და მაცხოვარო ჩვენო, შენ გაბარებთ ჩვენს გონებასა და გულს. განგვანათლე ჩვენ შენი ჭეშმარიტი სინათლით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
19.12.2022, ორშაბათი
ნიკოლოზ მირონ ლუკიის მთავარ ეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა.
#mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის საქმეებში ცოდვის არარსებობის შესახებ და იხილა ღმერთმა, რომ კარგია (შეს.1.)ძმებო, ყველაფერი, რაც წმიდა და უცოდველი ღვთის მიერ არის შექმნილი, წმიდა და უცოდველია. წმიდა და უცოდველია ყოველი ქმნილება მანამ, სანამ ის ღვთისკენ იყურება, არ შორდება მას და მის მტრად არ იქცევა. ყოველი ქმნილება, სანამ ის წმიდა და უცოდველია, თავისთავად აქებს და ადიდებს ღმერთს, ამიტომ ბრძანებს დავით მეფსალმუნე: ყოველი სული აქებდეს უფალს!“ (ფს. 150:6). ყოველი გონიერი ქმნილება გრძნობს, რომ მისი ბუნებრივი და მთავარი დანიშნულებაა ადიდოს უფალი. „მაგრამ თუკი ასეა, ძმანო, - კითხულობენ ადამიანები, - მაშინ საიდან შემოვიდა ბოროტება სამყაროში?“ ცოდვისგან, მხოლოდ ცოდვისგან! ცოდვამ ნათლის ანგელოზი ეშმაკად აქცია. ეშმაკი თავისი ნებით იქცა ცოდვის ჭურჭლად, შემდეგ კი იჩქარა, რომ სხვა ქმნილებებიც ისეთივე ცოდვის ჭურჭლებად ექცია. ეშმაკთან ერთად საკუთარი ნებით ცოდვას დათანხმდა ზოგიერთი სხვა ანგელოზიც, შემდეგ კი პირველი ადამიანები - ადამი და ევა. აქედან დაიწყო სიკეთისა და ბოროტების აღრევა სამყაროში. მაგრამ ის, რაც ღვთისაგანაა, ქმნილებებში სიკეთედვე რჩება, როგორც ეს იყო შესაქმის დღეებში. შხამი ცოდვით შემოვიდა, რადგან ცოდვა თვითონაა შხამი – ყველაზე ძლიერი არსებულ შხამთა შორის. შხამმა განაპირობა წყევლა, გამოიწვია გონების დაბნელება, შემოქმედის წინააღმდეგ განაწყო ქმნილება და ღმერთს დააშორა ადამიანი, შემდეგ კი ადამიანი დააშორა ადამიანს, ასევე დააშორა ადამიანი ბუნებას და ბუნება – ადამიანს. ძმანო, ყოველგვარი სიკეთე ღვთისაგანაა, ხოლო ცოდვისაგან არის ყოველგვარი ბოროტება. არ არსებობს ბოროტება, რომელიც უკავშირდება ღმერთს და ბოროტება, რომელიც არ უკავშირდება ცოდვას. მრავალი ფილოსოფოსი იკვლევდა ბოროტების არსს და ხისტი გონებით ამტკიცებდა, რომ ბოროტება მატერიაშია და მატერია ბოროტებაა. მხოლოდ ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ ბოროტება ცოდვაა და რომ ბოროტებას არანაირი სხვა არსი არ აქვს, გარდა ცოდვისა. ამიტომ, ცხადია, თუ გვსურს მოვერიდოთ ბოროტებას, უნდა მოვერიდოთ ცოდვას. ჰოი, ღმერთო, უცოდველო, დაგვეხმარე, რომ დავიცვათ თავი ცოდვისა და ცოდვით გახრწნისაგან. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
20.12.2022, სამშაბათი
წმიდა ამბროსი მედიოლანელი ეპისკოპოსისა (†397). მოწამე ათინოდორე მონაზ.(304); ღირსი პავლე მორჩილისა; მოწამე ფილოთეასი(1060). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, თუ რაოდენ კარგი იყო ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა „და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ“ (შეს. 1:31)ძმებო, როდესაც ნაგებობის ნაწილები კარგია, მაშინ მთელი ნაგებობაც ძალიან კარგია. თუ თითოეული აგური კარგია ცალ-ცალკე და ქვა, ბათქაში, თაბაშირი, საყრდენი და სვეტები კარგია - მაშინ მთელ ნაგებობასაც აღფრთოვანებაში მოჰყავს ადამიანი. ხდება ისეც, რომ ნაგებობის რომელიმე ნაწილი გაუგებარია და არ მოგვწონს, მაგრამ მაშინვე გვავიწყდება, როგორც კი ერთიანობაში შევხედავთ ნაგებობას. მართლაც, უამრავი დეტალია ამ სამყაროში – როგორც საგნებში, ასევე მოვლენებში – რომლებიც გაუგებარი და მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ როდესაც მათ ერთიანობაში ვაფასებთ, მაშინვე ყველაფერი გასაგები ხდება და ვმშვიდდებით. საშინელებად და სიბრიყვედ მიგვაჩნია ასევე ჩვენზე მოწეული მრავალი ტანჯვა და დანაკარგი ცხოვრებაში, მაგრამ დღეები და წლები გაივლის და ეს ტანჯვა და დანაკარგი ისე ბრწყინავს ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ძვირფასი ქვები, რომლებიც გზას გვინათებენ ცხოვრებაში. ასე რომ, თუ ღვთის განგებულება შენს წყენას იწვევს რაიმეს გამო, შეხედე მას მთლიანობაში; თუ ცხოვრებაში რამე გამწუხრებს, მოთმინებით, რწმენითა და იმედით დაელოდე ახალი დღესა და წელს. და თუ მთელი ცხოვრება ტანჯვად და მწუხარებად გეჩვენება, სულიერი თვალი მიაპყარი ზეციურ სამყაროს - და დამშვიდდები და გამხიარულდები, რადგან ხილული სამყარო არ წარმოადგენს ერთიან სრულყოფილებას, იმიტომ რომ არსებობს სხვა სამყაროც. სწორედ ასეა ნათქვამი: „დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა“. მხატვარიც სურათის შორიდან შეხედვას გვირჩევს, რათა ის მთელი თავისი სილამაზით დავინახოთ.ჰოი, უფალო! უკვდავო მხატვარო, რა მშვენიერია ყველაფერი, რაც შენ შექმენი! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
21.12.2022, ოთხშაბათი
ღირსისა პატაპი თუპაიდელისა, კონსტანტინეპოლელისა. მოწამე ანთისა რომაელისა; მოწამე 62 ხუცესი და 300 ერისკაცისა, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდართა(477). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ცოდვილი საქმეების დაწყევლის შესახებწყეული იყოს მიწა შენი საქმეებით (შეს. 3:17)ღმერთმა ცოდვით დაცემული ევა და ადამი დასაჯა, მაგრამ დასაჯა არა მაშინვე, არამედ გარკვეული დროის შემდეგ, რადგან სინანულს ელოდა მათგან. ეს კარგად ჩანს იმ საუბრიდან, რომელიც ღმერთსა და ადამს შორის შედგა. „ადამ, სადა ხარ?“ - ჰკითხა ღმერთმა, და როდესაც ადამმა უპასუხა, რომ სიშიშვლის გამო დაიმალა, კვლავ შეეკითხა: „ვინ გითხრა შენ, რომ შიშველი ხარ?“ მაშინ ადამმა, სინანულის ნაცვლად, ცოლს გადააბრალა ყველაფერი. ამის შემდეგ ღმერთმა ისინი დასაჯა, გველი, რომელიც ეშმაკის იარაღად იქცა, სამუდამოდ დაწყევლა, ხოლო ევას უთხრა, რომ ტანჯვით შობდა შვილებს და ქმარი იბატონებდა მასზე, თუმცა ეს არ იყო წყევლა. ეს იყო დასჯა იმედით. ადამიანს მიწაზე შრომა მიესაჯა. მაგრამ რას ნიშნავს სიტყვები: წყეული იყოს მიწა შენი საქმეებით ? ნუთუ, გველის მსგავსად, ღმერთმა მარადიულად დაწყევლა მიწა? სულაც არა. მიწა დაწყევლილი ხდება მხოლოდ ადამიანთა ცოდვილი საქმეებით, ადამიანთა ცოდვების გამო გამოსცემს მიწა ეკალს, ცოდვების გამოა მოუსავლიანობა, ცოდვების გამოა გვალვები, წყალდიდობები, მიწისძვრები, მავნე მწერები, კალიები, მატლები და ეპიდემიები. და რომ მიწა არ არის დაწყევლილი, ცხადია იქიდანაც, რომ ის კარგ ნაყოფსაც გამოსცემს.ღმერთი, ძველი დროიდან მოყოლებული, მართალთა ლოცვით აკურთხებს ადამიანთა არსებობისათვის საჭირო მიწის ნაყოფს, თვით ღვთის ანგელოზებმაც კი, რომლებიც აბრაამს სტუმრობდნენ, მიირთვეს მიწის ნაყოფი („და წინ დაუწყო მათ და ჭამეს“ – შეს. 18:1-8). მართლაც, რა შუაშია მიწა, ან სხვა ქმნილებები (გველის გარდა) რატომ არიან დამნაშავენი ადამის ცოდვის გამო?! „მთელი ქმნილება ერთობლივად გოდებს და იტანჯება დღემდე“ (რომ. 8:22), მაგრამ არა იმიტომ, რომ თავად არიან დაწყევლილი, არამედ ადამიანის ცოდვილი საქმეების გამო, რომლებიც დაწყევლილია. ო, ძმებო, შეგვრცხვეს ჩვენი ცოდვების, რომელთა გამოც იტანჯებაიან უდანაშაულო ღვთის ქმნილებები. ჰოი, სახიერო უფალო, მოგვიტევე ძველი ცოდვები და დაგვიცავი მათგან მომავალში. ჰოი, მოწყალეო უფალო, შეიწყალე ყოველი შენი უდანაშაულო ქმნილება, რომელიც იტანჯება ჩვენ გამო და გაათავისუფლე ისინი ტანჯვისაგან. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
22.12.2022, ხუთშაბათი
მუცლადღება მართლისა ანნას მიერ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა. სოფრონკვიპელი მთავარეპისკოპოსისა; სტეფანე ახლადგაბრწყინებულისა(912). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ნოეს შესახებნოე, კაცი მართალი, სრულყოფილი იყო თავის მოდგმაში; ღვთისათვის სათნო იყო ნოე (შეს. 6:9)იყო მართალი მართალთა შორის - დიდი და საქები საქმეა, მაგრამ კიდევ უფრო დიადია და საქებარი ცოდვილთა შორის იყო მართალი. ხოლო ნოე ცხოვრობდა ცოდვილ და ბოროტ ადამიანთა შორის. ხუთასი წელი იცხოვრა მან ამგვარ გარემოში და მართალი დარჩა, და ჰპოვა მან მადლი ღვთის წინაშე. უზენაესმა მსაჯულმა, რომელიც ადამიანთა ყველა საქმეს ხედავს და მიუკერძოებლად და სამართლიანად განსჯის, განსაჯა ნოეს შრომაც, გარყვნილ და ურჩ მოდგმაში რომ შეინახა ღვთის სიმართლე და თავისი მადლით დააჯილდოვა იგი. ნოე, ალბათ, ძალიან იტანჯებოდა მის ირგვლივ მყოფი ბოროტი ადამიანებისგან და, ცხადია, არ ეყოლებოდა მათ შორის მეგობრები.ცოდვილის ყველაზე დიდი სიამოვნება ისაა, რომ მართალი ჩაითრიოს ცოდვის ბინძურ გუბეში და სცოდოს მასთან ერთად, მაგრამ ნოემ ცოდვით გატაცებისა და მასში ჩაფლვის უფლება არ მისცა თავს. მან ღვთის მეგობრად ყოფნა არჩია ბოროტი ადამიანების მეგობრობას. მას ერჩივნა ყოფნა ღმერთთან ადამიანების გარეშე, ვიდრე ადამიანებთან ღმერთის გარეშე. მართლმსაჯული ღვთის წინაშე შიშმა დაიცვა იგი საყოველთაო გარყვნილებისაგან. ის არა მარტო მართალი, არამედ სრულყოფილიც იყო თავის მოდგმაში ანუ ოდნავადაც არ დაემორჩილა საერთო ბოროტებას, რადგან მხოლოდ ღვთის სიმართლეს ემორჩილებოდა.ცოდვის ცდუნება და ცოდვილთა მხრიდან დაცინვა ნოეს უფრო და უფრო აშორებდა მათგან. და როდესაც საყოველთაო წარღვნა მოიწია მთელ კაცობრიობაზე, ღმერთმა არ დაუშვა, რომ სხვებთან ერთად დაღუპულიყო მართალი ნოე, არამედ გადაარჩინა და განადიდა იგი და გახადა ადამიანთა ახალი მოდგმის ფუძემდებლად. ძმებო, ნოეს ეს შესანიშნავი მაგალითი გვასწავლის, რომ ყოველი ჩვენგანი შეძლებს, თუ მოინდომებს, ყველაზე გამოუსწორებელ ცოდვილთა შორისაც აამოს ღმერთს.ჰოი, მართალო და უსაზღვროდ მომთმენო უფალო, დაგვეხმარე ჩვენ შენი სიმართლის გზაზე. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
23.12.2022, პარასკევი
მოწამისა მეფისა ვახტანგ III-ისა, ძისა წმ. მეფისა დემეტრე თავდადებულისა (†1302-1308); მოწამეთა: მანასი, ერმოგენისა, ევგრაფი ალექსანდრიელისა (†313). ღირსი თომასი; ნეტარი იოანესი(1503); იოასაფ ბელგროდელი ეპისკოპოსისა(1754). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება აბრაამის შესახებხოლო მე მიწა ვარ და ნაცარი (შეს. 18:27)აი, სიტყვები, რომლებიც მართალმა აბრაამმა წარმოთქვა საკუთარი თავის შესახებ. სასაცილო არიან, ძმებო, ის ადამიანები, რომლებიც წუთისოფლის მთავრებთან და დიდებულებთან მეგობრობით ამაყობენ და დიდ წარმოდგენას იქმნიან თავზე. აბრაამი მარადიულ და ყოვლისშემძლე მეუფესთან საუბრის ღირსი გახდა და, მიუხედავად ამისა, საოცარი სიმდაბლე შეინარჩუნა – მტვერი და ფერფლი უწოდა საკუთარ თავს. ვინ არის ეს აბრაამი, რომელსაც ასეთი პატივი ერგო სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც ქების ღირსი გახდა მოციქულის (გალ. 3; ებრ. 11) და თვით უფალ იესო ქრისტეს მიერ (ლუკ. 16:22; იოან. 8:39)? ეს არის მიწათმოქმედი, რომელიც ყველანაირი სათნოებით იყო შემკული და ღვთის რჯულის მიხედვით ცხოვრობდა, ადამიანი ღმერთის მიმართ მტკიცე რწმენით, სიმართლისმოყვარე, სტუმართმოყვარე, მოწყალე, მამაცი, მორჩილი, წმიდა და თავმდაბალი.განსაკუთრებით გაითქვა სახელი აბრაამმა ძლიერი რწმენით. ასი წლის იყო აბრაამი, როდესაც უთხრა ღმერთმა, რომ ცოლი, რომელიც ბერწი იყო, უშვებდა ძეს - და მან ირწმუნა. ვიდრე სარა შობდა ისააკს, ღმერთმა აუწყა აბრაამს: „ვაქცევ შენს თესლს, როგორც მიწის ქვიშას“ (შეს 13:16). აბრაამმა ირწმუნა ეს და ეჭვი არ შეჰპარვია. და როდესაც ეყოლა პირმშო, ღმერთმა აბრაამის გამოცდა განიზრახა და მოუწოდა, რომ თავისი ერთადერთი ძე მსხვერპლად შეეწირა მისთვის. აბრაამი მზად იყო ესეც შეესრულებინა, მაგრამ ბოლო წამს შეაჩერა იგი ღმერთმა. ასეთი ერთგული და მორჩილი იყო ეს გასაოცარი კაცი ღვთის წინაშე, ამიტომაც აკურთხა იგი ღმერთმა და განადიდა მიწაზეც და ზეცაშიც. კურთხეულია, ძმებო, ვინც უყოყმანოდ ენდობა ღმერთს და ასრულებს მის წმიდა მცნებებს. ღვთის კურთხევა თან ახლავს მათ ამქვეყნადაც და იმ ქვეყნაშიც.ჰოი, კურთხეულო შემოქმედო ჩვენო, გვაკურთხე ჩვენც, ცოდვილნი, და შეგვაერთე შენს რჩეულებს, რომლებიც აბრაამთან ერთად იმყოფებიან ცათა სასუფეველში. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
24.12.2022, შაბათი
ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა; ღირსისა დანიელ მესვეტისა (†489/490). მოწამე მირაქსისა; მოწამეთა: აკეფსე და აიტალასი; ღირსი ლუკა მესვეტისა(970-980); ღირსი ლეონტი, მონემბასიელი ბერისა, პელოპენესელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ლოტის შესახებდა უთხრა მათ: არა, ძმებო, არ ჩაიდინოთ ბოროტება (შეს. 19:7)მართალი ლოტი ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა სოდომში ცოდვილთა შორის. ცოდვილებთან ერთად დაღუპავ მართალსაც? - ჰკითხა ერთგულმა აბრაამმა ღმერთს. ხოლო ღმერთმა უპასუხა, რომ არათუ მართალს არ დაღუპავდა, არამედ თუ ათი მართალი მოიძებნებოდა ქალაქში, ამ ათი მართლის გამო მთელ ქალაქსაც დაინდობდა. მაგრამ სოდომში მხოლოდ ერთი მართალი აღმოჩნდა და ისიც მისული – ლოტი. და როგორც წარღვნამდელ სამყაროში იყო მხოლოდ ერთი მართალი - ნოე, ასევე სოდომის დაქცევამდე მხოლოდ ერთი მართალი იყო ამ ქალაქში ლოტი. ეს ლოტი, ბიძის, აბრაამის, მსგავსად, ყველა სათნოებით იყო შემკული, განსაკუთრებით ღვთის მორჩილებითა და სტუმართმოყვარეობით გამოიჩეოდა.სოდომელებს სძულდათ ის, როგორც მოსული და უფრო მეტად კი, როგორც მართალი. ძმებო, ნუ სჩადიხართ ბოროტებას - ეუბნებოდა მათ ლოტი, ცოდვილებს ძმებს უწოდებდა, რათა რჯულისაკენ მოექცია ისინი და აფრთხილებდა არ ჩაედინათ ბოროტება, რათა გადარჩენილიყვნენ. მაგრამ მისი ძმური შეგონებები უფრო მეტად აღიზიანებდა სოდომელებს. ხოლო ლოტი ღირსი გახდა ღვთის ანელოზების სტუმრობის. სწორედ მათ გამოიყვანეს იგი ამ უწესო ქალაქიდან, რომლის ცოდვებიც ღმერთამდე აღიწეოდა. ეს წამხდარი ადამიანები თავს დაესხნენ ლოტის სახლს, რათა შეებილწათ სტუმართმოყვარეობის სიწმინდე. ძმებო, არ ჩაიდინოთ ბოროტება, - ევედრებოდა მათ ლოტი. მაგრამ განა მოუსმენენ ადამიანს არაადამიანები, რომელთაც არ აქვთ ღვთის შიში? ამიტომაც სიბრმავით დასაჯეს ისინი ღვთის ანგელოზებმა და დაბრმავდა ყველა, დიდიდან პატარამდე. შემდეგ ამ უღმერთო ქალაქიდან გამოიყვანეს ანგელოზებმა ლოტი, ხოლო ქალაქს გოგირდის წვიმა და ცეცხლი მოუვლინეს. ასე განადგურდა უწმინდური ქალაქი და გადარჩა ერთადერთი მართალი, რადგან ნათქვამია: ერთი მართალი სჯობს ათას ცოდვილს (ზირ. 16:3).ჰოი, სამართლიანო უფალო, რომელიც არასდროს ტოვებ მართალს, გამოასწორე ჩვენი უსამართლობანი და გვაცხოვნე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
25.12.2022, კვირა
სპირიდონ ტრიმითუნტელი ეპისკოპ. სასწაულმოქმედისა (†384);
ღირსმოწამისა იოვანესი, ზედაზნის წინამძღვრისა, სარკინოზთაგან წამებულისა (†IX). მოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსისა(251); მოწამე სინეზისა(270-275).აღსაყდრების დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია II-ისა. (†1977). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მელქისედეკის შესახებშენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით (ფს. 109:4)ოჰ, რამდენი ჰყავს უფალს თავისი ფარული და ერთგული მსახური, რომლებიც დღე და ღამ ემსახურებიან მას! რამდენი კაშკაშა კომეტაა ვარსკვლავებიან ცაზე, მოულოდნელად რომ ჩნდება, ანათებს და იკარგება სამყაროს უკიდეგანო სივრცეში და ტოვებს თავის ისტორიას! მართალი აბრაამი თავისი შთამომავლობით ვარსკვლავებიან ცას ჰგავს ჩვენს თავზე, ხოლო მელქისედეკი - კომეტას, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა და გაქრა და თაყვანი სცა მას ვარსკვლავებით მოჭედილმა ცამ. ვინ არის მელქისედეკი? ის სალემის მეფეა... უზენაესი ღმერთის მღვდელი! (შეს. 14:18). მან გამოუტანა აბრაამს პური და ღვინო. მან აკურთხა აბრაამი და აბრაამმა შესწირა მას ყველაფრის მეათედი. და თუ აბრაამი ფრიად კურთხეულია ღვთისგან, რაოდენ კურთხეულია ის, ვინც აკურთხა აბრაამი?! ჰოი, ღვთის განგებულების გამოუკვლეველი სიღრმე! ადამიანის ხედვა მოკლეა, ერთ დღესაც ვერ გასცდება, ხოლო ღვთის ხედვა დრო-ჟამს აღემატება და ყოველივეს ჭვრეტს სამყაროს აღსასრულამდე. პავლე მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, მელქისედეკი წინასახეა თვით უფალ იესო ქრისტესი (ებრ. 7), და როდესაც თვით მამამთავარი აბრაამი საკვირველი და ღვთივსათნო მიწათმოქმედი იყო, ეს მელქისედეკი იყო მეფე და მღვდელი; ასევე მეფე არის და მღვდელი უფალი ჩვენი იესო ქრისტე.მელქისედეკმა აბრაამს პური და ღვინო მიართვა; უფალმა სრულიად ადამიანთა მოდგმას შესთავაზა საკუთარი სისხლი და ხორცი. აბრაამმა თაყვანი სცა მელქისედეკს და საკუთარი ნებით მიართვა მეათედი; აბრაამის ჭეშმარიტი შთამომავლებიც, ანუ ქრისტიანები, თაყვანს სცემენ უფალ იესო ქრისტეს და საკუთარი ნებით სწირავენ მსხვერპლს მსხვერპლისთვის – ჯვარზე მსხვერპლად შეწირული სისხლისა და ხორცისთვის. და ვინ არის აბრაამის მოდგმა? ვინ არის ქრსიტეს და მელქისედეკის მოდგმა? „მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა“ (იოან 8:56). ასე მიმართა უფალმა ებრაელებს. მაგრამ როგორ იხილა აბრაამმა? იხილა სულით, რადგან ღმერთმა გამოუცხადა, იხილა ქრისტეს პირველსახეში, იმ საკვირველ და დიდებულ მელქისედეკში, მეფესა და მღვდელში, მაღალი ღმერთის მსახურში. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, გვაკურთხე ჩვენც, როგორ აკურთხე შენი ერთგული მსახურები – მელქისედეკი და აბრაამი. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
26.12.2022, ორშაბათი
მოწამეთა:ევსტრატი, ავქსენტი, ევგენა, მარდარი და ორესტი სებასტიელთა (†284-305), ქალწულმოწამისა ლუკია სირაკუზელისა (†304). ღირსი არსენ ლატროსელისა; ღირსი ნიკოდიმ ტისმანელისა, რუმინელისა(1406); დოსითეოზ, მოლდაველი მიტროპოლიტისა(1693). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ისააკის შესახებდა ეჩვენა მას უფალი იმ ღამეს და უთხრა: მე ვარ ღმერთი აბრაამის, შენი მამისა; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ და გაკურთხე შენ (შეს. 26:24) ძმებო, დასაბამიდან ვიწროა გზა, რომლითაც მართალნი დადიან და დასაბამიდან შევიწროებული არიან მათ მიერ, რომლებსაც არ სწამთ ღმერთი ან სწამთ არასწორად. აბელი თავისი ძმის, კაენისაგან იყო შევიწროებული, ნოე და ლოტი - გარყვნილი ადამიანების მიერ, აბრაამს, ისააკს და იაკობს კი ავიწროებდნენ ურჯულოები, რომლებიც არ იცნობდნენ ღმერთს, მაგრამ ღმერთი განსაცდელში არ ტოვებს მართალს. ამას ვხედავთ ისააკის მაგალითზე: მე ვარ ღმერთი აბრაამის, შენი მამისა; ნუ გეშინია... ეს მრავლისმთქმელი სიტყვები მოისმინა ისააკმა. ამ სიტყვებით ის ღმერთმა გაამხნევა და წინასწარ აუწყა რაც მოელოდა. ეს სიტყვები კი ამას ნიშნავდა: აბრაამის გამო გაკურთხებ შენც და როგორც აბრაამი დავიცავი ურჯულოთა შორის, ასევე დაგიცავ შენ! და კიდევ: იყავი ჩემი ერთგული, როგორც აბრაამი, შენი მამა. და მიჰყვა ისააკი თავისი მამის კვალს და არ უღალატია ღვთისთვის. მხვნელი და მესაქონლე იყო იგი, როგორც მამამისი. და იყო ის მართალი და მდაბალი, ერიდებოდა კამათს და სიკეთეს უკეთებდა ყველას. იძულებული იყვნენ მისი მოძულეები და მდევნელები, რომ ეღიარებინათ: „ვხედავთ, რომ უფალი შენთანაა“ (დაბ. 26:28). და ღირსი გახდა ისააკი, რომ წოდებულიყო ღმერთი მის ღმერთად და როგორც ეწოდებოდა მას „ღმერთი აბრაამის“, ასევე შემდგომში ეწოდა მას „ღმერთი ისააკის“. ჰოი, უფალო, წმიდათა შორის საკვირველო, მართალთა და წმიდათა სახელებთან ერთად მოიხსენე ჩვენი სახელებიც შენს სასუფეველში. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
27.12.2022, სამშაბათი
მოწამეთა: თვირსო, ლევკი და კალინიკე კესარიელთა; მოწამეთა: ფილიმონ, აპოლონ, ართიანე და თეოტიქე ანტინოელთა (†286/287). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იაკობის შესახებვიხილე ღმერთი პირისპირ და გადარჩა ჩემი სული (შეს. 32:30) ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკის იყო ასევე ღმერთი იაკობისა - ღმერთი ერთგულთა, მორჩილთა, მოწყალეთა, მშვიდთა და მდაბალთა. ჭეშმარიტად, მშვიდი და მდაბალი შეიძლება ეწოდოს იაკობსაც, რომელმაც იხილა ღმერთი. ის საუბრობდა ღმერთთან, მან იხილა ღვთის ანგელოზები, იხილა ასევე კიბე მიწიდან ზეცამდე. მან თავისი თავმდაბლობით სძლია სიმამრს, ლაბანს და ძმას, ესავს. სიმდაბლით დაამყარა მშვიდობა ცოლებს, ლეას და რაქელს, შორის. სიმდაბლის გამო სათნო იყო იგი ფარაონისათვის. იაკობის სიმდაბლე ქრისტეს სიმდაბლის წინასახეა. „ნეტარ არიან მშვიდნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ (მთ. 5:5), – ეს სიტყვები იაკობზეც აღსრულდა. მან მემკვიდრეობით მიიღო თავისი მამების მიწა; მისი შთამომავლობა გათავისუფლდა ეგვიპტის ტყვეობიდან და დაიმკვიდრა აღთქმული მიწა; ხოლო იესო ქრისტეს, თავისი ხორციელად შთამომავლის მიერ მან დაიმკვიდრა მთელი დედამიწა – რადგან ქრისტეს ეკლესიამ მოიცვა მთელი დედამიწა. იაკობმა პირისპირ იხილა ღმერთი, იხილა ის ადამიანის სახით, მაგრამ არა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. ეს ხილვა იყო ჭეშმარიტად განკაცებული ღვთის შესახებ წინასწარმეტყველება. და გადარჩა ჩემი სული (შეს. 32:30) – გადარჩა ანუ იხსნა ყოველგვარი შიშისა და უსამართლობისაგან. და თუ იაკობი იხსნა, რომელმაც მხოლოდ აჩრდილი იხილა ღვთისა, რამდენად უფრო იოლად გვიხსნის ჩვენ, რომლებიც ვიცნობთ ღმერთს როგორც ჭეშმარიტ ადამიანს და როგორც ჭეშმარიტად განკაცებულ ღმერთს. ჰოი, უფალო, მშვიდო და მდაბალო, რომელიც ძალი და დიდება ხარ მშვიდთა და მდაბალთა, რომელმაც იხსენი იაკობი შენი აჩრდილის ხილვით, გვიხსენი ჩვენც შენი ჭეშმარიტი სისხლითა და ხორცით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
28.12.2022, ოთხშაბათი
მღვდელთმოწამისა ელევთერი რომაელისა (†226); ღირსისა პავლე ლატრიელისა (†955). მოწამე ელეფთერი კონსტანტინეპოლელისა(305-311); ღირსი პარდოს განდეგილისა, პალესტინელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იოსების შესახებ„და შეატოვა (იოსებმა) სამოსი მას ხელებში და გაიქცა და გავიდა გარეთ“ (შეს. 39:12) ორი დიდი და რთული განსაცდელი შეემთხვა მართალ და უმანკო იოსებს და ორივე დაითმინა: ერთი იყო ღვიძლი ძმების მხრიდან ბოროტი შური და მეორე – სიძვის ვნება მაცდუნებელი ეგვიპტელი ქალისაგან. შურმა ის მონად გაყიდა, ხოლო სიძვის ვნებამ საპყრობილეში ჩასვა უდანაშაულო. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში იოსებმა ბოროტებას სიკეთით უპასუხა: მშიერ ძმებს საკვები მისცა, ხოლო შეშინებულ ფარაონს სიცოცხლე, ტახტი და ხალხი შეუნარჩუნა. ძმებმა მისი მოკვლა განიზრახეს და ღმერთმა გადაარჩინა; მრუშმა ქალმა მისი განადგურება გადაწყვიტა და ღმერთმა აქაც იხსნა. შემდეგ დიდების გვირგვინი დაადგა თავს მონასა და ტუსაღს და განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭა. ვისი განადგურებაც ერთი დარტყმით შეეძლოთ ძმებს და ვისაც თვალის დახამხამებაში სამაგიეროს გადაუხდიდა პეტეფრეს ცოლი, ღმერთმა ის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლად და მშიერი ძმების ერთადერთ მარჩენლად აქცია. ასეთია ღვთის განუზომელი მოწყალება მართალთა მიმართ. ასე შეუძლია უფალს იხსნას და განადიდოს უბოროტო და უდანაშაულო. იოსების ხვედრის სიდიადეში ჩვენ ღვთის მოწყალების სიდიადეს ვხედავთ. ვიყოთ ღმერთთან და არაფრის შეგვეშინდეს. ვიყოთ უბოროტო და უმანკო და არ შეგვეშინდეს არც ბოროტების, არც ცილისწამების, არც საპყრობილის, არც დაცინვის, არც სიღარიბის. პირიქით, გვიხაროდეს, თუ ეს ყველაფერი შეგვემთხვევა უბოროტობისა და უდანაშაულობის გამო. გვიხაროდეს და რწმენით დაველოდოთ ღვთის სასწაულის გამოვლენას ჩვენდამი. ყოველ ავდარში ღვთის სიმართლის რისხვის მოლოდინი გვქონდეს და – სიმშვიდის.ჰოი, შეუცნობელო უფალო, რომელიც ფარულად, მაგრამ ყურადღებით აკვირდები მართალს მონობასა და საპყრობილეში და მისი შემწე ხარ თავის დროზე, შეგვეწიე ჩვენც, რომ ვიყოთ უბოროტონი და უმანკონი. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
29.12.2022, ხუთშაბათი
წინასწარმეტყველისა ანგეასი (†500 წ. ქრისტეს შობამდე); ნეტარისა თეოფანია დედოფლისა (†893/894); და მოდესტ იერუსალიმელი პატრიარქისა (†633/634). სასწაულმოქმედთა. სვიმეონ ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მოსეს შესახებმოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე (რიცხვ. 12:3) კაცი რჩეული, საკვირველმოქმედი, უფალ იესო ქრისტეს წინასახე თავისი სასწაულებით, გამარჯვებული ეგვიპტეში, გამარჯვებული უდაბნოში, ერის წინამძღოლი - როგორ უნდა შეძლო, რომ არ გაამაყდე? მაგრამ რომ გაამაყებულიყო, ის არ იქნებოდა, ვინც იყო. ამაყდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნად თავისას აკეთებს და არა ღვთისას, თანაც, თავისი ძალებით და არა – ღვთის. დიდმა მოსემ კი იცოდა, რომ იგი ღვთის საქმეს აღასრულებდა და ძალა, რომლითაც იგი მოქმედებდა, ღვთისა იყო და არა მისი. ამიტომაც არ გაამაყდა არც გასაოცარი სასწაულებით, რომლებიც აღასრულა, არც დიდი გამარჯვებებით, რომლებიც მოიპოვა და არც ბრძნული წესებითა და კანონებით, რომლებიც ერს მისცა. „ჩემი ძალი და დიდება უფალია“ (გამოსვლ. 15:2), - თქვა მოსემ. უდაბნოში მთელ ისრაელიანთა შორის არავინ გრძნობდა საკუთარ უძლურებას ისე ძლიერ, როგორც ის, უდიდესი მათ შორის. ყოველ საქმეში, ყოველ ადგილას, ყოველ წამს მხოლოდ ღვთისაგან მოელოდა შემწეობას. როგორ მოვიქცე? - ეკითხებოდა იგი ღმერთს ცრემლით და განუწყვეტლივ მოელოდა ღვთის პასუხსა და ღვთის ძალას. იგი ყველაზე მდაბალი იყო დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა შორის, რადგან ყველას საკუთარი თავის იმედი ჰქონდა სულ მცირედში მაინც და რაღაცას მაინც იღებდნენ თავიანთ თავზე, ის კი – არასდროს. იგი მთლიანად მოცული იყო ღმერთით და მას ემორჩილებოდა. თუ ერის გამოკვება და დამწყურვალება იყო საჭირო, ღმერთს მიმართავდა; თუ მტერთან იყო ბრძოლა საჭირო, ცისკენ აღაპყრობდა ხელებს; თუკი ხალხის მღელვარების დაცხრობა იყო საჭირო, ღვთის წინაშე ღაღადებდა. მდაბალზე მდაბალი იყო მოსე! და ღმერთმაც განსაკუთრებული დიდებით დააჯილდოვა თავისი ერთგული მსახური – ღირსი გახადა იგი, ილია წინასწარმეტყველთან ერთად, თაბორის მთაზე გამოჩენილიყო უფლის გვერდით. ჰოი, მდაბალთა ღმერთო და მწყემსო კეთილო, მოსესა და მოციქულთა მსგავსად, მოგვმადლე ჩვენც სიმდაბლე. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
30.12.2022, პარასკევი
წინასწარმეტყველისა დანიელისა და სამთა ყრმათა: ანანიასი, აზარიასი და მასაილისა (†600 წ. ქრისტეს შობამდე); დიონისა ეგინელი მთავარეპ. სასწაულმოქმედისა (†1624). ნეტარი ამბაკუმ დიაკონისა, სერბისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ისუ ნავეს ძის შესახებარ გადაუხვიო მისგან (რჯულისგან) არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო... ნუ შედრკები და ნუ შეშინდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ (ისუ. 1:7; 9). ისუ ნავეს ძე ყველაფერში ბოლომდე მორჩილი იყო ღვთისა, არც მარჯვნივ უხვევდა ღვთის რჯულიდან და არც მარცხნივ. უდიდესი საფრთხეებისა და განსაცდელების მიუხედავად, უცნობი ქვეყნის გავლით, მტრის მჭიდრო რიგებს შორის მიჰყავდა ებრაელი ერი, მაგრამ არ შედრკა და არ შეშინდა. მას ღვთის იარაღად მიაჩნდა თავი, ბრძოლა კი – ღვთის ბრძოლად. როგორც ერთგული ჯარისკაცი ასრულებს უსიტყვოდ მხედართმთავრის ბრძანებებს, ასევე უსმენდა და ასრულებდა ისუ ცოცხალი ღვთის ნებას. იგი თავის თავს არ მიაწერდა არანაირ სათნოებას, არც ძალას ან ქმედებას, არამედ – მხოლოდ ღმერთს; ის არც ჯარის, არც იარაღისა და არც თავისი სიბრძნის იმედად არ იყო, არამედ მხოლოდ ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენ ღმერთს იყო მინდობილი. ხედავთ, ძმებო, როგორ ადამიანებთან იმყოფება ღმერთი! ო, ნეტავ, ქრისტიან მმართველებსა და მხედართმთავრებს დაენახათ და ესწავლათ ისუსგან, ღვთის ამ ერთგული მსახურისგან, როგორ უნდა ემსახურო ღმერთს! ო, ნეტავ, ყველას გაეცნობიერებინა, რომ ყველაზე კარგად მაშინ ემსახურები ერს, როდესაც ემსახურები ღმერთს და შეუძლებელია ემსახურო ერს, თუ არ ემსახურები ღმერთს! უფალმა შეასრულა თავისი დაპირება და ცხოვრების ბოლომდე არ განშორებია ისუ ნავეს ძეს. და რომ ღმერთი მასთან იყო, ამას ადასტურებს ის დიდი და საშინელი სასწაულები, რომელთაც თავად ღმერთი აღასრულებდა თავისი ერთგული მსახურის მიერ. შუაზე გააპო ღმერთმა იორდანე და ებრაელმა ერმა ხიდის გარეშე, მშრალად გადალახა მდინარე; საყვირის ხმაზე ღმერთმა დააქცია იერუსალიმის კედლები; ღმერთმა აუხილა თვალები ისუს და დაინახა მან მთავარანგელოზი, რომელსაც მახვილი ეპყრა ხელთ; ღმერთმა ჩაუგდო ხელში ძლიერი მტრები ისრაელიანებს; ღმერთმა შეაჩერა მზე გაბაონის თავზე და მთვარე – აიალონის ველზე. ჭეშმარიტად, არასოდეს და არსად დაუტოვებია ღმერთს თავისი ერთგული მსახური ისუ, რადგან არც ისუს დაუტოვებია ღვთის რომელიმე მცნება შეუსრულებელი. და როდესაც დაბერდა ისუ, ცოცხალი ღვთის ეს მოწმე და მაცხოვრის წინასახე, თავის ხალხს იმასვე ასწავლიდა, რასაც ღმერთი ასწავლიდა მას დასაწყისში: „არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.... არამედ უფალს, თქვენს ღმერთს მიეწებეთ“ (ისუ ნავ. 23:6;8).ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, რომელმაც საკვირველი სასწაულები აღასრულე შენი ერთგული მსახურის, ისუ ნავეს ძის მიერ, განგვამტკიცე და გაგვაძლიერე, რომ არც მარჯვნივ გადავუხვიოთ და არც მარცხნივ, რათა გადიდოთ შენ და გვაცხოვნო ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
31.12.2022, შაბათი
მოწამისა სებასტიანე სვინკლიტიკოსისა და მეგობართა მისთა (†287). მოდესტ, იერუსალიმელი პატრიარქისა(633-634); ღირსი ფლოროს, ამიელი ეპისკოპოსისა; ღირსი მიქაელ აღმსარებლისა(845). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება რუთის შესახებშენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია... ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა (რუთ. 1:16 -17) საკვირველია ეს სიტყვები, როდესაც მათ ძე ეუბნება მამას, ან ასული – დედას, ან ცოლი – ქმარს, მაგრამ სამგზის საკვირველია, როდესაც ამ სიტყვებს რძალი ეუბნება დედამთილს. აი, სწორედ ეს სიტყვები უთხრა ნეტარმა რუთმა ნოომინს, მწუხარებაში მყოფ თავის დედამთილს. როდესაც ნოომინის ორი ვაჟი დაიხოცა მოაბის მიწაზე (სადაც ბეთლემიდან იყვნენ გადასული საცხოვრებლად), მოხუცებულმა დედამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა იქ დამარხულიყო. ნოომინმა, კეთილშობილმა თავის ტკივილებში, ახალგაზრდა რძლებს თავიანთ სამშობლოში დარჩენა და მეორედ გათხოვება ურჩია. ურიფა დარჩა და რუთმა კი უთხრა, რომ სიკვდილის მეტი ვერაფერი დააშორებდა მათ. აი, მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ სათუთად შეიძლება უყვარდეს დედამთილს რძლები და ასევე, როგორ შეიძლება რძალი მთელი გულით ერთგული იყოს თავისი დედამთილის. მაგრამ ბეთლემში ვინმეს უნდა ერჩინა ეს ორი სული. და ვინ არჩენდა მათ, თუ არა ღმერთი და რუთის შრომისმოყვარე ხელები! „წავალ ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიც მადლს ვიპოვნი“, – უთხრა რძალმა დედამთილს. „წადი, შვილო“. – უპასუხა ნოომინმა. უცხო ქვეყანაში, უცხო მომკელებთან მოუწია თაველის დაკრეფა რუთს. ეს არა მხოლოდ შრომა იყო, არამედ სირცხვილიც, მაგრამ რუთმა, მოხუცი დედამთილის სიყვარულის გამო, თავს იდო ამგვარი შრომაცა და სირცხვილიც. და დაინახა ყოვლისმხედველმა ღმერთმა ეს ორი ერთმანეთის მოსიყვარულე სული და გაიხარა ფრიად, გაიხარა და დააჯილდოვა და განადიდა ისინი იმგვარად, როგორც აჯილდოებს და განადიდებს ღმერთი თავის მოშიშებს: ღვთის განგებით, რუთი თავთავის შესაგროვებლად მდიდარი ბოოზის ყანაში აღმოჩნდა. ბოოზმა შენიშნა რუთი და ნოომინისგან მისი ცოლად მოყვანის უფლება ითხოვა. ამ ქორწინებიდან იშვა იობედი, იესეს მამა და პაპა დავით მეფსალმუნისა და დიდი მეფის, რომლის შტოდანაც იშვა შემდგომ მრავალი მეფე და თვით მეფეთ მეფე, უფალი ჩვენი იესო ქრისტე.ჰოი, ყოვლისმხედველო და სახიერო უფალო, საკვირველია შენი განგებულება მართალთა და მოწყალეთა მიმართ. გვიწინამძღვრე და შეგვიწყალე ჩვენც. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011