სამეცნიერო ცენტრი
დაარსება

ქრისტეშობის 2000 წლის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაჩნდა იდეა, ამ ღირსშესანიშნავ თარიღს შეხვედროდნენ დიდი საერთაშორისო ფორუმით.

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, აკად. დავით მუსხელიშვილმა, ქართველი ისტორიკოსების  ეს  სურვილი გააცნო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, მისმა უწმიდესობამ  დალოცა ქართველი ისტორიკოსების ეს წამოწყება და, მორალურთან ერთად, მატერიალური მხარდაჭერაც აღმოუჩინა მათ.

2000 წლის 11-17 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს  საპატრიარქოს სხდომათა დარბაზში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ  საზეიმოდ გახსნა   პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი – „ქრისტიანობა: წარსული, აწმყო, მომავალი”. სახელმწიფოს სახელით სიმპოზიუმს მიესალმა პარლამენტის  თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო ასზე მეტმა მეცნიერ-მკვლევარმა. თბილისში ჩამოვიდნენ  მეცნიერები ბელგიიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, იუგოსლავიიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან, სლოვენიიდან. სიმპოზიუმზე დამუშავდა ქრისტიანული რელიგიისა და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ურთიერთმიმართების აქტუალური საკითხები, ფილოსოფიისა და თეოლოგიის ზოგიერთი  მნიშვნელოვანი პრობლემა, ქრისტიანული ხელოვნების განვითარების ძირითადი მახასიათებლები და სხვ. სიმპოზიუმის ფარგლებში მიმდინარეობდა დისკუსია აღნიშნულ პრობლემებზე, განახლდა უცხოელ მეცნიერებთან გაწყვეტილი კავშირები.

პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის დახურვისას,  ცნობილმა ბულგარელმა მეცნიერმა ე. ბაკალოვამ დასკვნით სიტყვაში   სიმპოზიუმის მუშაობა დადებითად შეაფასა. მან წამოაყენა წინადადება, თბილისში, უძველესი ქვეყნის დედაქალაქში, შექმნილიყო საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრი, რო­მე­ლიც უზრუნველყოფდა მსოფლიოს სხვა­დასხვა კუთხეში მცხოვრებ, ქრისტიანობის პრო­ბლემებზე მომუშავე მეცნიერთა პერიოდულ შეხვედრებს, ხელს შეუწყობდა მეცნიერული მიღწევების  ურთიერთგაზიარებას, მას­შტაბური სამეცნიერო ფორუმების ორგანი­ზებას. ბულგარელი ქართვე­ლოლოგის ამ  წინადადებას მხარი დაუჭირეს, როგორც უცხოელმა, ასევე ქართველმა მეცნიერებმა.   

მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-მ 2002 წლის 29 მარტს პირადად დააფუძნა და დალოცა  მუდმივმოქმედი ფონდი – „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი”. ცენტრს ხელმძღვანელობს გამგეობა. მისი თავმჯდომარეა აკად. დავით მუსხელიშვილი. ცენტრთან შეიქმნა და ფუნქციონირებს ქართველ მეცნიერთა საკრებულო – „დარბაზი”.

 © ICCS, 2011